ძიუდო

18:11 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდნენ. ამრიგად, საქართველო შეჯიბრის დასკვნით დღეს 3 ოქროს მედლისთვის იბრძვის.

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველო ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონებით გამოვიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა შესანიშნავად იასპარეზა და იპონით აჯობა აზერბაიჯანელ მურად ფატიევს, შვედ მარკუს ნიმანს და ფრანგ ალექსის მატიეს, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი ვაზარით დაამარცხა და ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს გაეჯიბრება.

ამავე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პირველივე შეხვედრაში თურქ მიჰაელ ზგანკთან დამარცხდა და შედეგად, მედლისთვის ბრძოლა ვეღარ მოახერხა.

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ნახევარფინალამდე გერმანელი ლუის მაი და ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკთან ვაზარით მოიგო და ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იქნება.

ფინალშია გურამ თუშიშვილიც. +100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა გერმანელი ერიკ აბრამოვი, თურქი მუნირ ერტუგი და უნგრელი რიჩარდ სიპოში დაამარცხა, ფინალში კი ოქროს მედლისთვის ფინელ მარტი პუუმალაინენს გაეჯიბრება.

დღეს, საქართველოს ქალთა შორის ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა. +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველი შეხვედრა წააგო ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან და უმედლოდ დარჩა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ერთი ვერცხლის მედალი აქვს, რომელიც ტატო გრიგალაშვილის აქტივშია.

0.139972