იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლი“ აუტსაიდერ „სალერნიტანას“ ესტუმრა და ბოლოადგილოსანი მეტოქის ძლევა ადვილად მოახერხა.
რუდი გარსიას გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. ანგარიში მე-13 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე საბოლოო შედეგი ელიფ ელმასმა დააფიქსირა, რომელიც მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შევიდა 67-ე წუთზე.
ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა ორჯერ ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა არ გამოუვიდა. მთლიანობაში, ცხადია, ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში, გარსიამ კი ჩემპიონთა ლიგის წინ დასვენების მიზნით შეცვალა.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლიმ“ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, „ემპოლის“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ასევე შინ „უნიონს“ დაუპირისპირდება.
"სალერნიტანა" - "ნაპოლი" 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 რასპადორი (13), 0:2 ელმასი (82)