ფეხბურთი

17:52 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ამ მომენტში რთულია კვარას და პოლიტანოს ადგილზე სხვები ვათამაშო"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „სალერნიტანასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ თამაშსა და თავის გუნდზე ისაუბრა.

„მილანთან“ მატჩის პირველი ტაიმიდან ყველაფერი მოსაშორებელი არ არის. მეტოქის საწყისი ორი შეტევიდან გავუშვით ორი გოლი, რამდენჯერმე ბურთიც ვაჩუქეთ, მაგრამ შეგვეძლო ანგარიში 1:1 გაგვეხადა, ასე რომ, ყველაფერი ცუდად არ გაგვიკეთებია. შემდეგ თამაშში რომ დავბრუნდით, კარგი ნიშანია. განსხვავება არის ფრეში, როდესაც ორი გოლით იგებ და ფრეში, როდესაც ორი გოლით მარცხდები, პოზიტიურ ნოტაზე დასრულება ყოველთვის უკეთესია, თან ბოლო წუთზე მოგებაც შეგვეძლო. ეს მატჩი უკვე წარსულია და მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ.

4-2-3-1? „მილანამდეც“ ვაჩვენეთ, რომ ამ სქემის გამოყენება შეგვიძლია და „მილანთანაც“ იმუშავა. ამიტომ, შეგვიძლია, მომავალშიც გამოვიყენოთ, მათ შორის, ხვალაც. მთავარია, დაცვაში ყურადღებით თამაში. ბიჭებმა იციან, რომ 11 კაცით უნდა შევუტიოთ და ასევე თავი დავიცვათ. ასე შეგვიძლია მყარი გუნდი ვიყოთ. ოსიმენი? მას შვებულება აქვს და მომავალ კვირას ჩვენთან იქნება. თუმცა, ახლა ის ტრავმირებულია და მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვფიქრობ, რომლებიც ხელმისაწვდომი არიან.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრებს შორის მშვიდი ატმოსფერო იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში რთული პერიოდია და ფეხბურთი მხოლოდ სპორტი, არა ძალადობა და ომი. ომები ჩვენს ირგვლივ ისედაც საკმარისია. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

ლინდსტრომი? მას ჰქონდა გარკვეული სათამაშო დრო. როდესაც შემტევი გარემარბი ხარ, გადამწყვეტი უნდა იყო გოლებით და საგოლე პასებით. კვარაცხელიას და პოლიტანოს შესანიშნავი ფორმიდან გამომდინარე, რთულია მათი ადგილი ამ მომენტში სხვებმა დაიკავონ და სათამაშო დრო წაართვან. თუმცა, შეუძლებელია ხვიჩამ და მატეომ ყოველთვის 90 წუთი ითამაშონ, როდესაც ლინდსტრომი მათ ადგილზე შედის, თუნდაც მცირე დროში უნდა აჩვენოს რა შეუძლია. ეს არა მარტო მას, არამედ ყველას ეხება“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 4 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმარტება.

0.117567