ფეხბურთი

14:10 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მწვრთნელი: "მიქაუტაძეს ჩვენს სტილთან ადაპტაცია სჭირდება"

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა „ვოლენდამთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელიც ამ შეხვედრაში არ ათამაშა. ამსტერდამელთა ახალი თავკაცი ფიქრობს, რომ გიორგის ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაგრამ ჯერ „აიაქსთან“ ადაპტაცია სჭირდება.

„მიქაუტაძეს ბურთთან ძალიან კარგი შეხება აქვს და შეტევის შესანიშნავად დასრულება იცის, ეს ვარჯიშებზე უკვე ვნახეთ. თუმცა, ჯერაც სჭირდება ადაპტაცია იმ ფეხბურთის სტილთან, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. თუ ბურთს კარგავ, რა უნდა გააკეთო? როგორ უნდა ითამაშო პრესინგზე?

ეს არის რაღაცები, რის გამოც შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ გასაგებია, რომ მას ფეხბურთის თამაში შეუძლია. რა თქმა უნდა, მას აუცილებლად გამოვიყენებთ“, - თქვა ვან ტ’სხიპმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა „აიაქსში“ უმძიმესია, რადგან დღემდე მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ის მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მას არათუ მხოლოდ მორის სტეინი არ ათამაშებდა, არამედ ჰედვიგეს მადურომ საერთოდ არ გამოიყენა, ხოლო კიდევ ერთმა ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმაც ის პირველივე მატჩში თადარიგში დატოვა და შეცვლაზეც არ მისცა შანსი.

მიქაუტაძე გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, ხოლო მიმდინარე სეზონიც „მეცში“ მაგრად დაიწყო, ლიგა 1-ის სამ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მერე კი მოულოდნელად „აიაქსში“ გადასვლა ამჯობინა და კოშმარიც დაიწყო.

0.114232