ფეხბურთი

13:36 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: "მეცს" მიქაუტაძის დაბრუნება სურს, "აიაქსს" გიორგის გაყიდვა უნდა

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა იანვარში „მეცში“ დაბრუნდეს. L’Equipe-ს ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშერი იტყობინება, რომ ფრანგულ კლუბში ამ ვარიანტს განიხილავენ.

მიქაუტაძე „აიაქსმა“ ზაფხულში „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ წყაროს თანახმად, ის ნიდერლანდური გრანდის გეგმებში არ შედის და ამსტერდამელებს მისი გაყიდვა სურთ. ცხადია, იმის გამო, რომ მასში 16 მილიონი ევროა გადახდილი, ისინი გიორგის იაფად არ შეელევიან, რაც „მეცის“ ამოცანას ართულებს. თუმცა, არაა გამორიცხული ქართველი მშობლიურ გუნდს იჯარით და შემდგომში გამოსყიდვის ვარიანტით დაუბრუნდეს.

ფრანგი ჟურნალისტის ცნობით, „აიაქსში“ იმასაც იმედოვნებენ, რომ სხვა ფრანგული კლუბებიც დაინტერესდებიან ქართველი ფეხბურთელის შეძენით.

გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა „აიაქსში“ უმძიმესია, რადგან დღემდე მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ის მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მას არათუ მხოლოდ მორის სტეინი არ ათამაშებდა, არამედ ჰედვიგეს მადურომ საერთოდ არ გამოიყენა, ხოლო კიდევ ერთმა ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმაც ის პირველივე მატჩში თადარიგში დატოვა და შეცვლაზეც არ მისცა შანსი.

მიქაუტაძე გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, ხოლო მიმდინარე სეზონიც „მეცში“ მაგრად დაიწყო, ლიგა 1-ის სამ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მერე კი მოულოდნელად „აიაქსში“ გადასვლა ამჯობინა და კოშმარიც დაიწყო.

0.115776