ინგლისის ქალთა ნაკრების მცველი, ალექს გრინვუდი, საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას თავის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ გაივლის, მას შემდეგ რაც ბელგიასთან ერთა ლიგის მატჩში (2:3) თავის ტრავმა მიიღო - გვამცნობს Reuters.
თამაშის მიმდინარეობისას მან და მოწინააღმდეგე თავდამსხმელმა იასინა ბლომმა ბრძოლისას თავები მიარტყეს ერთმანეთს. გრინვუდი მოედანზე 12 წუთის განმავლობაში უგონოდ იწვა სანამ პირველადი დახმარება გაუწიეს. შემდეგ საკაცით გაიყვანეს. ბლომმა შეხვედრა ბინტით თავშეხვეულმა განაგრძო.
„გრინვუდი დაბრუნდება „სიტის“ საფეხბურთო აკადემიაში შემდგომი სამედიცინო შემოწმებისთვის. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მას ყურადღებით აკვირდებიან, გონზეა და შინ დარჩება სანამ ჩვენი სამედიცინო გუნდი მის მდგომარეობას შეაფასებს.“- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ბელგიასთან თამაშის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სარინა ვიგმანმა განაცხადა, რომ გრინვუდმა ტვინის შერყევა მიიღო.