იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში საოცარი მატჩი გაიმართა, რომელშიც „კალიარიმ“ „ფროზინონეს“ 4:3 მოუგო და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
სარდინიელებისთვის თამაში კოშმარულად მიდიოდა და ზღაპრულად დასრულდა. კლაუდიო რანიერის გუნდმა უამრავი საგოლე მომენტი გაანიავა, ვერ გაიტანა პენალტიც, ხოლო 72-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა!
ბრწყინავს 20 წლის მატიას სულე, რომელმაც დუბლი შეასრულა. ის „იუვენტუსის“ საკუთრებაა, არგენტინელი, თუმცა, იტალიური ფესვებით და ლუჩანო სპალეტი ცდილობს მატიასი იტალიის ნაკრებში თამაშზე დაითანხმოს. ფაქტია, სულეს დიდი მომავალი აქვს, ეს გასულ სეზონში „იუვეშიც“ გამოჩნდა, სადაც ეძლეოდა სათამაშო დრო, მაგრამ „ფროზინონეში“, სადაც მეტი დრო აქვს და არც წნეხის ქვეშაა, უბრალოდ შეუდარებელია. მან ბოლო 5 ტურში უკვე 5 გოლი გაიტანა, რაც გარემარბისთვის შესანიშნავი შედეგია. სხვათა შორის, მთლიანად სეზონში საშუალო შეფასებით 20 წლის შემტევი მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება.
სულემ დუბლი პირველივე ტაიმში შეასრულა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე მარკო ბრეშანინის გოლი მოჰყვა. თითქოს, „კალიარი“ განწირული იყო, მაგრამ არა! 72-ე და 76-ე წუთებზე კუნძულელებმა ორი გოლი გაიტანეს და თამაშში დაბრუნდნენ, ხოლო 94-ე და 96-ე წუთებზე ლეონარდო პავოლეტიმ დუბლი გაიფორმა და საოცარი ქამბექი - 0:3-დან 4:3!
„კალიარიმ“ პირველად მოიგო და 6 ქულა აქვს, ხოლო „ფროზინონეს“აქტივში 12 ქულაა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდში ისევ არ ათამაშეს გიორგი კვერნაძე, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო.
„კალიარი“ – „ფროზინონე“ 4:3 (0:2)
გოლები: 0:1 სულე (23), 0:2 სულე (37), 0:3 ბრეშანინი (49), 1:3 ორისტანო (72), 2:3 მაკუმბუ (76), 3:3 პავოლეტი (90), 4:3 პავოლეტი (90)