მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ორივე გუნდს შანსი თანაბარი აქვს და ფეხბურთელებმა კარგად იციან, რა მნიშვნელობისაა „ელ კლასიკო“.
„გუნდი მოტივირებულია, განსაკუთრებული თამაშია. ეს იქნება სეზონის პირველი „კლასიკო“, მაგრამ კიდევ იქნება მეორე წრის მატჩი, სუპერთასი, შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც შევხვდეთ. ბელინგემი კარგადაა და ითამაშებს. ფეხბურთელებს არ სჭირდებათ იმის ახსნა, რა არის „კლასიკო“, ეს ყველამ იცის, მსოფლიო დონის თამაშია.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს თამაში, მაგრამ იმის თქმა, რომ გადამწყვეტია, ზედმეტია, რადგან სეზონი გრძელია, ლა ლიგა კონკურენტუნარიანი იქნება, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „ჟირონა“, ბევრი გუნდია, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ.
ვინც ვერ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, ახსნა-განმარტებებს არ ითხოვენ, აქ ყველა პროფესიონალია და სანერვიულო არაფერია. ისეთივე „ბარსას“ ველით, როგორც ყოველთვის. ზოგადად, შესანიშნავი გუნდია, შეტევაში, დაცვაშიც, წელს ბევრი ხარისხიანი ახალგაზრდა ჰყავთ. „კლასიკოში“ შანსი ყოველთვის თანაბარია, იმედი მაქვს, ხალხი სიამოვნებას მიიღებს.
არ ვიცი, პერესი დაესწრება თუ არა თამაშს, მაგრამ არჩევანს „რეალის“ სასარგებლოდ გააკეთებს, რადგან პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს ყოველთვის „რეალის“ სასიკეთოდ იღებს. „ბარსელონას“ ძალიან კარგი ახალგაზრდები ჰყავს, ფერმინი, იამალი, მაგრამ ასევე ჩვენც, ბელინგემი, ჩუამენი, კამავინგა. არ ვიცი, „ბარსელონაში“ ახალგაზრდები უფრო ადვილად რატომ მკვიდრდებიან, ვიდრე „რეალში“, მათ წელს ბევრი ტრავმა ჰქონდათ, რამაც ამას ხელი შეუწყო, მაგრამ ჩვენც გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც ახლოს არიან პირველ გუნდთან, მაგალითად, მარიო მარტინი, ნიკო პასი, გონსალო და ალვარო როდრიგესი“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.