კალათბურთი

11:37 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ NBA-ს სეზონი 7 ქულით გახსნა, ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლით დაიწყო

NBA-ს სეზონი დაიწყო „ორლანდო მეჯიქმა“, რომლის ღირსებას გოგა ბითაძე იცავს და პირველივე შეხვედრა 30-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

„ორლანდომ“ ძალიან ადვილად აჯობა „ჰიუსტონ როკეტსს“ – 116:86. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე არასრული 5 წუთი გაატარა, ხსენებულ მწირ დროში კი ურიგოდ არ გარჯილა, რადგან 7 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ბითაძემ 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. „ორლანდოს“ ქოულ ენტონიმ 20 ქულით და ფრანც ვაგნერმა 19 ქულით ულიდერა. „მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, სტუმრად „პორტლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეზონი მარცხით დაიწყო „სან ანტონიომ“, რომელიც საკუთარ მოედანზე „დალასთან“ 119:126 დამარცხდა, სანდრო მამუკელაშვილის კი თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი თავიდან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლო ორი მეოთხედი ჩააგდო და მარცხი განიცადა.

მოედანზე საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო: სლოვენიელმა ვარსკვლავმა 34 წუთში 33 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი დააგროვა, შესაბამისად, სეზონი სამმაგი დუბლით გახსნა. კარგი დებიუტი ჰქონდა კაირი ირვინგსაც, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. „სან ანტონიოს“ დებიუტანტმა ვიქტორ ვემბანიამამ 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა ტავის გუნდს, ხოლო „სპურსში“ საუკეთესო 23 ქულით დევინ ვასელი იყო.

„სან ანტონიო“ 28 ოქტომბერს, ისევ საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ამჯერად „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ.

0.122447