ფეხბურთი

22:17 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "კვარას ჯადოქარს ვეძახი"
ვიქტორ ოსიმენის ინტერვიუ

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მარიო ბალოტელისა და ემილიანო ვივიანოსთან Twitch-ზე ისაუბრა, სადაც ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის, კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიაზეც.

ხვიჩა კვარაცხელიაზე: „ძალიან მომწონს კვარა, დიდი ტალანტია და მე ჯადოქარს ვეძახი, ტიპური გარემარბია. მოედანს მიღმაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩემი აზრით, დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ასევე შესანიშნავი ადამიანი“.

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს: „ჩემი აზრით, მესი და ჰოლანდი იმსახურებენ გამარჯვებას. ერთმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მეორემ - ტრებლი. არ მინდა, ამაზე ჩემი აზრი გამოვთქვა, მაგრამ ორივე იმსახურებს გამარჯვებას“.

არის თუ არა, ოქროს ბურთი მისი მიზანი: „სიმართლე გითხრათ, ერთ დღეს ახლოს თუ ვიქნები მოგებასთან, ეს სენსაციური წარმატება იქნება. ჩემთვის უკვე ოცნებაა, რომ ამ დონეზე ვთამაშობ. ეს იქნება მიზანი, მაგრამ არა აკვიატება, თუ შევძლებ კონკურენციის გაწევას, ფანტასტიკური იქნება“.

„მარადონაზე“ გოლის გატანის ემოციები: „ნაპოლიში“ გადასვლამდე კულიბალის ველაპარაკე ქალაქზე, ხალხზე, სტადიონზე... როდესაც „მარადონაზე“ პირველი გოლი გავიტანე „ატალანტასთან“, სტადიონზე კოვიდის გამო ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ ემოცია მაინც იგრძნობოდა. ეს რაღაც განსაკუთრებული ემოციაა, როგორც დიდ, ისე პატარა გუნდებთან „მარადონაზე“ გატანილი გოლი“.

კარიერაში საუკეთესო გოლი: „რომას“ წინააღმდეგ გასულ სეზონში სტუმრად გავიტანე. იმავე „რომასთან“ შინ გოლიც ლამაზი იყო, კვარას აწვდიდა და მე ვურტყამდი, ამაზე მთელი კვირა ვვარჯიშობდით, როდესაც მცველი ახტა, ბურთი მკერდით გავაჩერე და ჰაერიდან დავარტყი“.

რონალდუ თუ მესი: „მე ორივეს ფანი ვარ. ვინც ბავშვობიდან მიცნობს, ეს იცის. მესისთან ერთად ფოტო გადავიღე, როცა მის წინააღმდეგ ვითამაშე. ჩემთვის რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რაც მათ ფეხბურთისთვის გააკეთეს, წარმოუდგენელია“.

არაბეთის ჩემპიონატზე: „კარგი დონის ჩემპიონატია, რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი წავიდა არაბეთში და ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს იზიდავს. თუმცა, თუ ერთნაირი პირობები მექნება, მირჩევნია MLS-ში ვითამაშო, ვიდრე არაბეთში“.

რომელი თავდამსხმელია მისი შთაგონება: „დროგბა არის ჩემი ინსპირაცია. ახლობელმა მითხრა, რომ სტილით ვგავდი და დავიწყე მისი ვიდეოების შესწავლა. მერე პირადადაც გავიცანი“.

საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი ისტორიაში: „ბევრი არიან: დიუფი, კანუ, დროგბა, ეტო’ო, ჯეი ჯეი ოკოჩაც“.

სპალეტის შესახებ: „ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მან შემცვალა, მაგრამ ის გენიოსია. ის არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან მომთხოვნია, მაგრამ იცის, როგორ გააძლიეროს და გააუმჯობესოს ფეხბურთელი. ის აუცილებლად დააყენებს იტალიის ნაკრებს გამარჯვების გზაზე“.

ყველაზე უხერხული მეტოქე (მცველი): „ასეთი რომერო იყო, რომელიც ახლა პრემიერლიგაში (ტოტენჰემში) თამაშობს. პირველად რომ ვითამაშე მის წინააღმდეგ ძალიან გამიჭირდა. სმოლინგის წინააღმდეგაც მიჭირს თამაში“.

საუკეთესო მეკარე: „მაიკ მენიო, ისი დიდია და შესანიშნავი რეფლექსები აქვს. მაშინაც, როცა თანაგუნდელები ვიყავით, რთული იყო მისთვის გოლის გატანა ვარჯიშებზე და ფეხითაც ძალიან კარგად თამაშობს“.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი ამჟამად ტრავმირებულია და სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

0.11796