„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც ის საუკეთესოდ დაასახელეს, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სხვა ფეხბურთელებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში.
„პირველ რიგში, გამარჯვებით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ბედნიერი ვარ, მაგრამ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ, გამარჯვებებით. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა დაფასებისთვის. კარგი პასი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რასპამ გოლი გაიტანა და მადლობა მას ამისთვის. ასე უნდა გავაგრძელოთ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ და დღესაც ასე მოვიქეცით.
მადლობა, რომ საუკეთესოდ ამირჩიეთ, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ალბათ, შემდეგში ისინიც შეძლებენ ამ ჯილდოს მოგებას. შემიძლია ვთქვა, რომ „უნიონ ბერლინი“ ნამდვილად კარგი გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე, ასეთი ფანების წინაშე. აქ თამაში სასიამოვნო იყო, მაგრამ გოლი გავიტანეთ და დამსახურებულად მოვიგეთ, ბედნიერი ვარ", - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.