ფეხბურთი

17:24 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაზაფხულის მოლოდინში

ჯერ 2023 წლის შემოდგომაა და ქართველები უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე ვფიქრობთ. ტრადიციულად ჩვენი მოლოდინები ცოტა ზედმეტად ოპტიმისტური და შორს წასულია, მაგრამ ამ ბოლო 30 წლის მანძილზე იმდენი გამოვიარეთ, ვნახეთ და გავიცადეთ, რომ ზედმეტი მოლოდინებიც გვეპატიება და საერთოდ, მტერსაც და მოყვარესაც უნდა უხაროდეს, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია წყნარად ჯდომა და მოლოდინი.

ალბათ მიხვდით, რომ გაზაფხულზე გასამართ საფეხბურთო ერთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ვსაუბრობ და ქართველი გულშემატკივრების იმ დიდ მოლოდინებზე, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას უკავშირება. წინა ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით ისეთი სიმწარე გვაქვს განცდილი, ჩვენს ადგილზე ბევრი ხალხი მომავლის რწმენას შეინარჩუნებდა კი არა, შეიძლება ქუჩებში მართლა ქარიშხალი დაეტრიალებინათ. მაგრამ ქართველებმა თითქოს შეთანხმებულებივით გადაწყვიტეს, რომ ლოდინი და მომავლის იმედის შენარჩუნება უკეთესი იქნება და რაც უფრო მეტად ახლოვდება 2024 წლის გაზაფხული, ნერვიულობასთან ერთად, იმის გააზრებაც მკვეთრი ხდება, რომ ძალიან, ძალიან დიდი ამბები გველდება წინ.

ბოლო ორმა წელმა გვაჩვენა, რომ ნახევარფინალში ვინც არ უნდა შეგვხვდეს, არავინ იქნება ადვილი მეტოქე და დიდი ხანია აღარაა ის დრო, როდესაც ყაზახეთსა და ლუქსემბურგს ზემოდან ვუყურებდით. ჩვენი მხრიდან, ეს „ზემოდან ცქერაც“ ცოტა სასაცილო ამბავია, რადგან ეს ჩვენი საყვარელი და ბედოვლათი ნაკრები ის გუნდია რომელიც ათწლეულების მანძილზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპის ჯგუფებში მუდმივად ბოლო და ბოლოსწინა ადგილს იკავებდა. მართალია ახლა სიტუაცია შეცვლილია და განგების ძალით (და არა ქართული ფეხბურთის ე.წ. მესვეურების მეცადინეობით) 4-5 კარგი ფეხბურთელი გვყავს, რამაც ჩვენი ამბიციები გაზარდა, მაგრამ ამ თაობასაც ჯერ განასაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და სატრაბახო ან ვინმესთან ცხვირის ასაწევი ჯერ არაფერი გვაქვს.

მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ნახევარფინალში დიდი ბრძოლა მოგველის და არანაირად არ გვაქვს გარანტირებული ფინალში გასვლა, როგორც ზოგიერთს ჰგონია და სწორედ ეგ „ზოგიერთები“ არიან ის ხალხი, ყალბ მოლოდინებს რომ უქმნიან საზოგადოებას და მარცხის შემთხვევაში სწორედ ისინი ესვრიან პირველ ქვას მათ მიერ მუდმივად ნაქებ და ნადიდებ ფეხბურთელებს.

ფინალში თუ გავალთ, იქ დიდი ალბათობით დაგვხვდება საბერძნეთის ნაკრები, რომელსაც ბოლო წლებში კრიზიკული პერიოდი ედგა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშს ისე არიან დანატრებული, მათთან მართლაც რომ ისტორიული ჯახი გვექნება, სადაც 300 სპარტელივით მათ კი არ, ჩვენ უნდა ვიომოთ, ევროპის ჩემპიონატის საგზური რომ მოვიპოვოთ. ხოლო საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის დონით, სპორტული ინფრასტრუქტურით, შესაძლეობებით და ფინანსებით ბერძნებთან ახლოსაც რომ ვერ მივალთ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია და ამის არაღიარება თავის მოტყუება იქნებოდა.

და მაინც... რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გავტეხოთ ნავსი და ჩვენც გვეღირსოს ევროპის ჩემპიონატზე თამაში. არ მიყვარს სადღეგრძელოსაით არაფრისმომცემი პათეტიკური ბრტყელ-ბტყელი ლაყაფი, მაგრამ ამ შედეგისთვის მართლა ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, დაწყებული მწვრთნელიდან და ფეხბურთელებიდან და დამთავრებული რიგითი გულშემატკივრით. კიდევ ერთ ხელიდან გაშვებულ ისტორულ შანსს ხალხი ნამდვილად ვეღარ შეეგუება. ჩვენც ხალხი ვართ ბოლოს და ბოლოს!

0.117821