ფეხბურთი

15:30 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "თუ ვინმეს შეუძლია "ნაპოლის" განათება და გაფერადება, ეს კვარაა"

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ სწორედ მას შეუძლია „ნაპოლის“ ცუდი სეზონის სტარტის განათება და გაფერადება.

„არსებობს ადგილები, რომლებიც ჯადოსნურია და წარუშლელ მოგონებებს ტოვებს. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ერთ-ერთი ასეთი ადგილია ვერონა. აქ მისი დებიუტი შედგა 2022 წლის აგვისტოში. „ვერონას“ წინააღმდეგ მან გოლი გაიტანა თავით (დიახ, თავით) და ჯადოსნური საგოლე პასი გაუკეთა ჟიელინსკის. გოლი აღნიშნა მისი კუმირის, სტეფ კარის სტილში, თითქოს ყველას დაძინებისკენ მოუწოდა. გუშინ კვარამ მეტი გააკეთა, თუნდაც იმიტომ, რომ იტალიაში პირველ წელს ყველა მოხიბლა და MVP გახდა, ახლა მას მხოლოდ ზრდის უფლება აქვს, რათა თავისი ლურჯი ზღაპარი გააგრძელოს.

კვარასგან აღარ იღებენ „ჩვეულებრივ“ თამაშს, ეს მისთვის დამახასიათებელი აღარ არის. გულშემატკივრები ყოველთვის ელიან გენიალურ მოქმედებებს, ინტუიციურ თამაშს, მეტოქეებისადმი უპატივცემულო დრიბლინგებს. გუშინ ხვიჩამ კვარა-მაგიას ფხვნილი გაისროლა მოედანზე და სცენა მთავარი გმირი იყო. დუბლი ფიზიკისა და ნიჭის წყალობით, ახალ სტილში აღნიშნული გოლები, რომელთაგანაც პირველი „ვერონას“ ფეხბურთელებმა და ტიფოზებმა პროვოკაციად აღიქვეს. კვარადონა დაბრუნდა, „ნაპოლისთვის“ და გარსიასთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. ასევე, ოსიმენის გარეშე არაფერია უმნიშვნელო: საჭირო იყო ლიდერი, ვინც თანაგუნდელებს გაუძღვებოდა წარმატებისკენ. ნამდვილი კვარა იყო საჭირო და „ნაპოლის“ ახლა ისევ დაუბრუნდა იმედი.

კვარას მეორე დუბლი იტალიაში და პირველი სეზონში, ასევე პირველი „სტადიო მარადონას“ მიღმა. გოლები მან თავის სტილში გაიტანა, დამანგრეველი ფიზიკური ძალის, ტექნიკისა და სისწრაფის ნაზავით. დაუმიზნა მეტოქეს, მოატყუა და დარტყმით აჯობა მეკარეს. ძველი კვარას ციმციმები იმ დღეს, როცა ძველი „ნაპოლის“ ციმციმებიც გამოჩნდა, სპალეტის „ნაპოლის“ სტილის თამაში. გარსიას ნუ ეწყინება, რადგან როდესაც „ნაპოლი“ ასე თამაშობს, მის წინააღმდეგ ყველას გაუჭირდება.

მხოლოდ ოსიმენის არყოფნა ვერ იქნება საკმარისი დამოკიდებულების ცვლილების ასახსნელად და არც თამაშის მართვის განახლებული სურვილი. თუმცა, შემთხვევითი არ არის, რომ კვარა „ნაპოლის“ ცენტრალურ ზონაში დაბრუნდა. ახლა, როდესაც მისი მდგომარეობა ტოპ-დონეს უახლოვდება, მისი თამაში ისევ ბრწყინვალეა. ფინტები, გადახრები, თამაშის ცვლილება და გოლები: გუნდსა და ნაკრებში ბოლო 7 მატჩში მან 8 გოლში მიიღო მონაწილეობა და დომინანტი კვარა დაბრუნდა. თუ არის ერთი ფეხბურთელი, ვისაც „ნაპოლის“ ამ ქაოსური სეზონის სტარტის განათება და გაფერადება შეუძლია, ეს კვარაა, ვინაიდან ფიზიკურ ფორმას შეიძლება ახასიათებდეს აღმასვლა და ჩავარდნა, მაგრამ ნიჭი არ იკარგება. „ნაპოლიმ“ თავისი ხელოვანი კვლავ დაიბრუნა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას სერია A-ში 8 მატჩში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში (ყველა ტურნირზე 10 მატჩში). „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „მილანს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება.

0.115867