„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ახლა თავისუფლად თამაშობს, რითაც განსხვავებას ქმნის და ის გადამწყვეტია.
„ბოლოს და ბოლოს, ჩემს ხელში საუკეთესო კვარაა? ის უკვე დაბრუნდა „უდინეზესთან“ მატჩში. ახლა თავისუფლად უტევს და როცა ასეა, მეტოქის დაცვას ამძიმებს, რითაც განსხვავებას ქმნის. დღეს გადამწყვეტი იყო და ძალიან მიხარია მის გამო. გოლის აღნიშვნა? არ ვარ წინააღმდეგი, სანამ ეს ისრები მე არ მხვდება (იღიმის - რედ), არ ვიცი, ვკითხავ მიზეზს, თუ რატომ აღნიშნავს ასე.
ხარისხი ვაჩვენეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ ვცდილობთ, ყველა თამაში მოვიგოთ და დღეს მოვახერხეთ საკუთარი თავის გამოხატვა. გუნდმა კარგად ითამაშა, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ რომ არა მერეტი, შეიძლებოდა მეტიც გაგვეშვა, ამიტომ, მინდა ალექსი შევაქო. დანარჩენი, კმაყოფილი ვარ იმ ინტენსივობით, რაც ბიჭებმა აჩვენეს. ახლა, ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოვემზადებით და ვეცდებით, ენერგიის აღდგენას“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას სერია A-ში 8 მატჩში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში (ყველა ტურნირზე 10 მატჩში). „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „მილანს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება.