ფეხბურთი

15:01 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "კვერნაძე ვარჯიშებზე იზრდება და სათამაშო დროსაც მიიღებს"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას შეკითხვა გიორგი კვერნაძეზე დაუსვეს.

„ბოლონიასთან“ ვერ ითამაშებს გიორგის ერთ-ერთი კონკურენტი ჯუზეპე კაზო და სწორედ მისი არყოფნის გამო ჟურნალისტმა იკითხა, ახლა მაინც თუ ექნება ქართველს თავის გამოსაჩენად სათამაშო დრო.

„კვერნაძე ძალიან კარგად ვარჯიშობს. ცხადია, ვგულისხმობ იმ დღეებს, როცა გუნდშია, რადგან არ ვიცი, ნაკრებში როგორ ვარჯიშობს. ის ვარჯიშის თვალსაზრისით ძალიან გაიზარდა. ჯერ კიდევ უნდა მოუმატოს ტექნიკურ-ტაქტიკურად, პირველ ყოვლისა ტაქტიკურად, მაგრამ ვხედავ, რომ მონდომებულია. დარწმუნებული ვარ, მომავალში კარგად ითამაშებს. გავიხსენოთ ლორენცო პელეგრინის მაგალითი, რომელიც „სასუოლოში“ მყავდა. ის თავიდან ან ძალიან ცოტას, ან საერთოდ არ თამაშობდა, მაგრამ ყოველთვის ინტენსიურად ვარჯიშობდა, რამაც შედეგი გამოიღო. ასევე შემიძლია ვთქვა გარიტანო, რომელმაც მიიღო ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი, რაც არა ჩემი, არამედ მისი დამსახურებაა, რადგან ყოველთვის კარგად ვარჯიშობდა. საწვრთნელი პროცესის კუთხით კვერნაძე იზრდება და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ძირითად შემადგენლობაში ისიც ითამაშებს“, - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძემ სერია A-ში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ ითამაშა და ორჯერვე შეცვლაზე, ხოლო ერთხელ იტალიის თასზე მიიღო მონაწილეობა. „ბოლონია“ – „ფროზინონეს“ მატჩი 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.113456