ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International-ი გიორგი მიქაუტაძის სანაკრებო მატჩებს გამოეხმაურა, რომელშიც მან 5 გოლი გაიტანა. ვებგვერდი წერს, რომ „აიაქსში“ მას შანსი ფორვარდის პოზიციაზე უნდა მიეცეს.
„გიორგი მიქაუტაძისთვის ეს სანაკრებო პაუზა დასამახსოვრებელი იყო. 22 წლის ფეხბურთელმა გასულ ხუთშაბათს ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში ისტორია დაწერა. მან 17 წუთში სამჯერ გაიტანა და შოთა არველაძის შემდეგ მეორე ქართველი გახდა, ვინც ნაკრებში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმში მეოთხეც გაიტანა, რაც უნიკალური მიღწევაა საქართველოს ნაკრების ისტორიაში.
მიქაუტაძე თავდამსხმელია და გასაგებია, რა დასკვნები უნდა გამოიტანოს „აიაქსმა“ ამ სანაკრებო მატჩებიდან. „აიაქსში“ მან მხოლოდ 10 ნომრის პოზიციაზე ითამაშა ან გარემარბად, მაგრამ საქართველოს ნაკრებში 3-5-2 სქემაში ფორვარდი პოზიციაზე ბევრად უკეთ გამოვიდა. ფეხბურთელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორვარდის პოზიციაზე თამაში სურს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „აიაქსის“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ ერთხელ იყო.