„ბაიერნის“ მცველმა, ნუსაირ მაზრაუიმ, გუნდთან ერთად დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, მაროკოელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს. ფეხბურთელის ვარჯიშზე არგამოცხადების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მაზრაუიმ ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელებს გამოუცხადა მხარდაჭერა და თქვა, რომ მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი აფრიკის თასამდე მატჩების ყველა ბონუსს გადასცემენ დაზარალებულებს და ასევე დაჰპირდა, რომ მათ დასახმარებლად უფრო მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩართულობას უზრუნველყოფს.
მიმდინარე სეზონში მაზრაუიმ „ბაიერნის“ შემადგენლობაში ცხრა მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.