საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოჯანმრთელდა. მან „კოპენჰაგენისა“ და „მიტდიულანდის“ მატჩში ითამაშა, რომელიც „მომავლის თასის“ ეგიდით გაიმართა.
ხოჭოლავამ მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა. ეს მისთვის პირველი მატჩი იყო 4 აპრილის შემდეგ. მოგეხსენებათ, 30 წლის მცველს ორჯერ მოუწია ოპერაციის გაკეთება, რის გამოც დიდი პერიოდი გაუცდა.
„დასაბრუნებლად დიდი ხანი ვემზადებოდი და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. რაც მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ. ერთი კვირა ნორმალურად არ მეძინა, დილის 4-5 საათზე ვდგებოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვარჯიშზე მივსულიყავი და ამ თამაშისთვის მზად ვყოფილიყავი. საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დავბრუნდი და ორჯერ მეტს ვიმუშავებ, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედია, მალე „პარკენზე“ ვითამაშებ“, - თქვა ქართველმა მცველმა.
ხოჭოლავას გამოჯანმრთელება კარგი ამბავია ვილი სანიოლისთვისაც, რადგან დაცვის ხაზში ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის დაბრუნება საქართველოს ნაკრებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება.