ფეხბურთი

18:56 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

განსხვავებული ტაიმები: საქართველომ კვიპროსი გაანადგურა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეექვსე მატჩი ჩაატარა და თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე კვიპროსი დაამარცხა.

ტაილანდთან 8:0 მოგების შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ცვლილებები გააკეთა, მაგალითად თადარიგში დატოვა გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი, რომლებმაც წინა მატჩში 8-დან 6 გოლი გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი კატასტროფულად ჩაატარა. თემურ ქეცბაიას გუნდი თავს ძალიან კარგად იცავდა, მასპინძლებს კი არათუ რეალური, არამედ ნახევრადსაგოლე მომენტი არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, გიორგი მამარდაშვილმა სამჯერ იხსნა თავისი გუნდი.

თუმცა, მეორე ტაიმი განსხვავებული გამოდგა, რაზეც ალბათ, სწრაფმა გოლმა გავლენა იქონია. 46-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. ეს ერთგვარი შვება იყო, რადგან მანამდე საქართველოს ნაკრების თამაში ძალიან მძიმე სანახავი გახლდათ.

58-ე წუთზე კი, ხვიჩა კვარაცხელიამ სხვაობა გაზარდა. გიორგი ჩაკვეტაძემ კვარა დროული და ძალიან კარგი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ხვიჩამაც ეროვნულ ნაკრებში მე-12 გოლი გაიტანა (26-ე მატჩში). 82-ე წუთზე კვარამ გოლს საგოლე პასიც დაუმატა, მეტოქის კარი კი ლევან შენგელიამ დალაშქრა - ლამაზი გოლი იყო. მისთვის ეს ნაკრებში სადებიუტო გოლია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.

ამრიგად, უხარისხო და ცუდი პირველი ტაიმის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მაინც უპრობლემოდ და დამაჯერებლად აჯობა - 4:0.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველო - კვიპროსი 4:0 (0:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

მაყურებელი: 15 871

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი; მამუჩაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 85), აზაროვი (შენგელია 71); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 71), კვარაცხელია (მექვაბიშვილი 85); ზივზივაძე (მიქაუტაძე 59)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

კვიპროსი (5-3-2): მალი; ანდრეუ (მ. ანტონიუ 46), კარო, გოგიჩი, კიპრიანუ, ნ. იოანუ (კორეია 87); კირიაკუ (ხარალამპუსი 62), კუსულისი, სპოლიარიჩი; კასტანოსი (ლოიზუ 70), ხრისტოფი (კაკულისი 71)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58), 3:0 შენგელია (82), 4:0 მიქაუტაძე (90, პენ)

გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (45) - ხრისტოფი (29), კარო (48)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: რობერტ ჯონსი (ინგლისი)

0.138924