რაგბი

13:59 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაისაშვილი: "ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ლევან მაისაშვილმა დატოვა. მან, ასევე რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ კომენტარი გააკეთეს.

იოსებ ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის, რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია, რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი "ბორჯღალოსნებს" 2020 წლიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 24-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 13 თამაში წააგო.

RUGBY.GE

0.119606