საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა კვიპროსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნაკრებში თამაში მისთვის დიდი მუხტი და მოტივაციაა.
„რთული გზა გავიარე, მაგრამ ეს გზა დამეხმარა იმ ადამიანად და ფეხბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც ახლა ვარ. წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ჩემთვის დიდი მუხტია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში და უფრო მეტი მოტივაცია, რომ ჩემი შრომა გავაგრძელო და უფრო მაღალ დონეზე ავიდე. ეს არის პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველა მეხმარება, რომ ეს გზა ადვილად გავიარო.
ჩემი გუნდელები გაკვირვებულები დარჩნენ ესპანეთთან თამაშის მერე, მითხრეს, რომ ძალიან მაგარი სტადიონი გვაქვს და გულშემატკივრები გვყავს, ყველას ოცნებაა, რომ ჩამოვიდნენ და ამ ატმოსფეროში ითამაშონ. უნდა დავივიწყოთ წარსული მატჩები, მაგრამ უნდა ვისწავლოთ და კონცენტრაცია ხვალინდელ თამაშზე მოვახდინოთ.
როდესაც საქართველოს ნაკრების მაისური გაცვია, შეიძლება ცოტა ნერვიულობდე, რადგან მთელი ქვეყანა გიყურებს და გინდა, რომ საუკეთესოდ ითამაშო. ვფიქრობ, რომ ყველას გვაქვს ნერვიულობის მომენტი, მაგრამ შეგვიძლია ამას გავუმკლავდეთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ ყველა თამაშში", - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ხოლო კვიპროსი 0 ქულით ბოლო ადგილზეა. საქართველოსა და კვიპროსის მატჩი 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.