საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კვიპროსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მეტოქეს სურს პირველი ქულები მოიპოვოს, მაგრამ სჯერა, რომ მისი გუნდი თამაშს სწორი მენტალიტეტით მიუდგება.
„ფეხბურთელები კმაყოფილები იყვნენ თავისი თამაშით. სექტემბერში ძალიან რთული თვე გვქონდა, შესაბამისად, ის თავდაჯერება, რომელიც შევიძინეთ, ძალიან წაგვადგება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად თავდაჯერებულიც არ ვიყოთ და იგივე შემართებით მივუდგეთ ხვალინდელ შეხვედრას.
არაფერი შეცვლილა - კაშია კაპიტანია, ნიკა კვეკვესკირი კი ვიცე-კაპიტანი. რაც შეეხება ლორიას, ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს, ის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოცდილი ფეხბურთელია ჩვენთვის, მაგრამ მე არ მიყვარს მეკარის კაპიტნად დანიშვნა პოზიციიდან გამომდინარე. მოედანზე ხშირად არის საუბარი მსაჯთან საჭირო, რაც მეკარისთვის უფრო რთულია. კვირკველია ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელია და ამიტომაც იყო კაპიტანი ტაილანდთან.
ლევან შენგელია შემტევი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენი სისტემიდან გამომდინარე მოუწია მარცხენა ფლანგზე თამაში, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და ვფიქრობ, აზაროვს კონკურენციასაც გაუწევს. ვესაუბრე მას თავის მომზადებასთან დაკავშირებით და საკმაოდ დიდი წინსვლა შევამჩნიე. ამიტომაც გამოვიძახე, კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ნამდვილად დაეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსთან სტუმარ მოგება გაგვიჭირდა, მიზანს მივაღწიეთ და ეს მთავარი იყო. ვფიქრობ, რომ მაშინ საკმაოდ კარგად დავიწყეთ თამაში, 25-30 წუთი კარგად ვმოქმედებდით და იმედი მაქვს, რომ ხვალაც კარგად დავიწყებთ თამაშს და ვეცდებით, ნაკლები შეცდომა დავუშვათ. არ იქნება ადვილი თამაში, რადგან მეტოქეს ძალიან სჭირდება ქულების მოპოვება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ჩვენ ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მესმის, რომ არ ვართ ელიტის დონის გუნდი, მაგრამ არც ცუდი გუნდი ვართ. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც სურთ თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა და ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
ფეხბურთელების არყოფნაზე ხშირად მეკითხებით: უფრო საინტერესო იქნებოდა გეკითხათ, ვინ უნდა ამოვაგდო შემადგენლობიდან, რადგან იმისთვის, რომ ვიღაც გამოვიძახო, ვიღაც არ უნდა გამოვიძახო, რადგან არ მაქვს საშუალება ნაკრებში 40 ფეხბურთელი ერთად გამოვიძახო. ვაკვირდები კუტალიას თამაშს, სასიამოვნოა, რომ სომხეთში ბევრი გოლი გააქვს. ის, რომ ახლა არ არის გამოძახებული, იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სხვები უკეთ თამაშობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი ვინმესთვის დახურულია. როგორც ადრე ვოლკოვს მივეცით შანსი, ასევე მიეცემა ნებისმიერ ფეხბურთელს, ვინც თავს გამოიჩენს.
ტაილანდთან შეცდომები? ვესაუბრე ამაზე ფეხბურთელებს. ალბათ, მოდუნების ფაქტორიც იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტაიმში ბევრი გოლი გავიტანეთ და იფიქრეს, რომ ყველაფერი ადვილად მიდიოდა. მესმის, რომ უკეთესი გუნდები ასეთ შეცდომებს გამოიყენებენ, მაგრამ ეს ფეხბურთელებსაც ესმით და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მსგავსი შეცდომები თავიდან აიცილონ. კვიპროსი სტილით სხვანაირი გუნდია, უფრო ტექნიკურია და იმედია ხვალაც მოედანზე კარგ მიდგომას ვიხილავთ", - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ხოლო კვიპროსი 0 ქულით ბოლო ადგილზეა. საქართველოსა და კვიპროსის მატჩი 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.