ფეხბურთი

0:23 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "მეტოქე ძლიერი არ იყო, მაგრამ ასეთი გამარჯვება მაინც დადებითია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ტაილანდთან მატჩის (8:0) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მოგება გუნდს ფსიქოლოგიურად დაეხმარება.

„რა თქმა უნდა, ძალიან რთული მატჩი არ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, რადგან კარგად ვითამაშეთ, არ მოვდუნდით, რახან მეტოქე ტაილანდი იყო, რაც შედეგშიც აისახა. იმ მატჩების მერე, რაც გამოვიარეთ, ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იყო ეს მოგება და კვიპროსთან მატჩის წინ წაგვადგება. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის და იმედი მაქვს, რომ სტადიონი გაივსება.

რეკორდზე არ ვფიქრობდით, უნდა გვეთამაშა კარგი ფეხბურთი, რაც დავამუშავეთ და ყველაფერი გამოგვივიდა, რეკორდიც თავისით მოვიდა. რიერა „ბორდოში“? არ ვიცოდი მისი კარიერა, დღეს ვნახე და მოუთმენლად ველოდები მის გაცნობას.

წინა მატჩების ჩაგდების შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ ბიჭებმა ერთმანეთში. შემართება მანამდეც იყო, მაგრამ ახლა სხვა მოტივაციით ჩამოვედით და უფრო მეტის გაკეთება დავიწყეთ, ვიდრე ვაკეთებდით. მეტოქე არ იყო ძლიერი, მაგრამ დადებითია ასე მოგება და იმედია, ასე გავაგრძელებთ. გოლები გეხმარება თავდაჯერებაში და ასეთი გამარჯვება სხვა გრძნობა და მოტივაციაა“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა, მომდევნო მატჩს კი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

0.118358