ფეხბურთი

23:40 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში შევედი"

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა - ის პირველია, ვინც პოკერი შეასრულა ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდში. მან 4 გოლი ტაილანდის წინააღმდეგ გაიტანა (8:0).

აქამდე რეკორდი შოთა არველაძეს ეკუთვნოდა (ჰეთ-თრიკი). გიორგის საქართველოს ნაკრებში 19 მატჩში უკვე 8 გოლი დაუგროვდა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან მჭირდებოდა გოლები და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში შევედი. 4 გოლი ყოველ თამაშში არ გადის, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მზად ვარ კვიპროსთან სათამაშოდაც, „აიაქსში“ არ მაქვს ბევრი დრო და როცა მათამაშებენ, მაშინაც, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ მათამაშებენ, მაგრამ ველოდები, რომ ფორვარდის პოზიციაზე მომეცეს შანსი. დღეს სანიოლმა მომცა ამის შესაძლებლობა და გამოვიყენე.

ყველა თამაშში მინდა ყველას ვაჩვენო, რომ შემიძლია გოლების გატანა. შოთა არველაძეს ჯერ არ დაურეკავს (იცინის - რედ). გახარებული ვარ, რომ მისი რეკორდი გავაუმჯობესე, მაგრამ რეკორდები სწორედ ამისთვის არსებობს“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა, მომდევნო მატჩს კი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

0.117189