ფეხბურთი

21:53 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდული გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი გაანადგურა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ გამარჯვება მოახერხა და თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ტაილანდის ნაკრები 8:0 გაანადგურა.

მეტოქე სუსტი იყო, თანაც ძალიან, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტაილანდს ბოლოს ყველაზე დიდი ანგარიშით 2019 წელს ჰქონდა წაგებული - ურუგვაისთან 0:4.

ვილი სანიოლის გუნდმა, რომელმაც თამაში გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო, მეტოქეს უპრობლემოდ აჯობა. საწყის 6 წუთში სამი საგოლე მომენტი შექმნა და მეცხრე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. ზურიკო დავითაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ცხრიანში შეაგდო. 3 წუთში ლუკა ლოჩოშვილმა თავით იხეირა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი მიითვალა, მერე კი, გიორგი მიქაუტაძის ბენეფისის ჯერი დადგა.

„აიაქსის“ ფორვარდმა პირველი ტაიმის 15-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა! პირველი ტაიმის მიწურულს კი დავითაშვილმაც გაიტანა და დუბლი გაიფორმა. პირველი ნახევარი 6:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველო ისევ დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა, ისეთი შედეგიანი ვეღარ იყო, როგორც შესვენებამდე. თუმცა, უპირატესობა მაინც გაზარდა. მიქაუტაძემ მისსავე მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა და პოკერი შეასრულა. გიორგის ნაკრებში აქამდე 4 გოლი ჰქონდა გატანილი და დღეს კიდევ 4 გაიტანა. ახლა მის აქტივში საქართველოს ნაკრების მაისურით 19 მატჩში 8 გოლია. თავის მხრივ დავითაშვილმაც დუბლით მონაგარი გაზარდა - 29 მატჩი, 6 გოლი.

66-ე წუთზე თავისი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, რომელიც მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და ნაკრებში უგოლო სერია, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან იღებდა სათავეს, დაასრულა. კვარასაც კარგი სტატისტიკა აქვს ნაკრებში - 25 მატჩი, 11 გოლი.

ამ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დამყარდა: საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. აქამდე სარეკორდო იყო 1997 წელს სომხეთთან 7:0. ისტორიაში პირველად გაიტანა 8 გოლი და ასევე პირველი ტაიმიც ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო. რეკორდის ავტორი გახდა მიქაუტაძეც, რომელიც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველია, ვინც პოკერი შეასრულა.

მოკლედ, ვილი სანიოლის გუნდმა ტაილანდთან ძალიან მაგრად ივარჯიშა, მაგრამ ცხადია, მეტოქე არაფრის შეფასების ინდიკატორად არ გამოდგება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

საქართველო - ტაილანდი 8:0 (6:0)

თბილისი, მიხეილ მესხი“

საქართველო (3-4-2-1): ლორია; კვირკველია (კაშია 58), გელაშვილი, ლოჩოშვილი; ლობჟანიძე, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 46), მექვაბიშვილი, შენგელია (აზაროვი 74); ჩაკვეტაძე (სიგუა 58), დავითაშვილი (ზივზივაძე 46); მიქაუტაძე (კვარაცხელია 58)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ტაილანდი (3-4-3): პათომაკაკული; კამანი, დოლა, პრაისუვანი (კარინი 74); დო, სუკიტამაკული, პომფანი (აუტრა 46), ფალა (ბერგი 87); პრომსრიკაევი (დევისი 74), პეოიფაი (ლაპტრაკული 46), თოდსანიტი (ბურაფა 46)

გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (37), 5:0 მიქაუტაძე (41), 6:0 დავითაშვილი (44), 7:0 მიქაუტაძე (56, პენ), 8:0 კვარაცხელია (66)

გაფრთხილება: აზაროვი (79) - დევისი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 32 (21) – 5 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 12:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: როჰიტ საგი (ნორვეგია)

0.123925