საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო. ჩვენი გუნდის ჯგუფის მატჩები საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ტარდება, სადაც გიორგი ჩიტაურის გუნდი პირველ ტურში ავსტრიასთან 1:2 დამარცხდა.
ავსტრიის ნაკრებში საუკეთესო ოგენეტეჯირი ადეჯენუგურე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისში გახსნა, გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე გაიტანა. შუაში იყო გიორგი გვასალიას გოლი, რომელმაც 59-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.
ელიტ-რაუნდში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი, ასევე 5 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. შემდეგ სწორედ ეს გუნდები გააგრძელებენ ნიდერლანდებთან ერთად ფინალური ეტაპისთვის საგზურის ბრძოლას. 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს კვიპროსში ჩატარდება.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს დანია და ავსტრია 3-3 ქულით ლიდერობენ, ხოლო საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 14 ოქტომბერს, დანიას დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი 17 ოქტომბერს, ლიეტუვას გაეჯიბრება.
საქართველო - ავსტრია 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ადეჯენუგირე (14), 1:1 გვასალია (59), 1:2 ადეჯენუგირე (87)