საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ტაილანდთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მეტოქე სუსტი ნამდვილად არ არის და ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან კვიპროსთან მოსამზადებელი მატჩია.
„სანდრო კალანდაძის ინტეგრაცია გუნდთან კარგად წარიმართა, რადგან ბევრ ფეხბურთელს უკვე იცნობდა. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და მომზადებით, დისციპლინა აჩვენა და ბევრი კარგი თვისება გამოავლინა. ნაკრების კარი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს გავუხსენი და მომავალშიც ასე იქნება, თუ რომელიმე ფეხბურთელი კარგად ითამაშებს, მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ფეხბურთელებზე ვრცლად რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე, ამიტომ ახლა მინდა, ტაილანდთან მატჩზე ვისაუბრო. ამ მატჩში ბევრ ისეთ ფეხბურთელს მიეცემა შანსი, რომელთაც ბოლო დროს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონიათ ნაკრებში, მაგალითად, შენგელიას და სიგუას.
სიგუა ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ფიზიკურად განვითარდა, მაგრამ აქ ერთი კითხვა მიჩნდება: რატომ არ არის ეს განვითარება შესაძლებელი ქართულ გუნდებში რატომ იყო ამისთვის აუცილებელი „ბაზელში“ გადასვლა? მთლიანობაში კმაყოფილი ვარ მისი ფიზიკური განვითარებით, მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია. ხვალ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და მიეცემა შანსი თავის გამოჩენისთვის, მისი დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ სიგუაც, ბევრი სხვა ფეხბურთელის შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც უცხოურ გუნდში გადავიდნენ, ფიზიკურად მოუმატეს. ცხადია, ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესება სათამაშო კლასის ამაღლებასაც განაპირობებს.
მეკარეებში იერარქია მკაფიოა: პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, მაგრამ ხვალ გიორგი ლორია ითამაშებს, რადგან დიდი ხანი პირველი მეკარე იყო და რთულია, როდესაც უცებ სათადარიგო ხდები. თუმცა, ის კარგად მუშაობს, ეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც გამოცდილებას უზიარებს. როცა შანსი იქნება, მას უნდა მიეცეს თამაშის შესაძლებლობა და ხვალ სწორედ ეს მომენტია.
ეს მატჩი გარკვეულწილად კვიპროსთან მოსამზადებელი ეტაპია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია. ტაილანდი საინტერესო გუნდია, ტექნიკურად ჩვენზე ნაკლები არ არიან, შესაძლოა თამაშის ორგანიზებისა და ტაქტიკის მხრივ მაღალი დონის გუნდი არაა, მაგრამ ნამდვილად კარგი გუნდია, სუსტი არ არის. თუ მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას, ამას გამოიყენებენ, ამიტომ ჩემი ფეხბურთელების დავალება იქნება, რომ ითამაშონ მაღალი პრესინგი და არ მისცენ მათ თავის გამოჩენის შანსი.
ვიცი, რომ ბოლო დროს შედეგები და ის, რაც მოედანზე ვნახეთ, დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ეს არის ფეხბურთი, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ მუშაობა და ყოველთვის მომდევნო მატჩზე ვიყოთ ორიენტირებული. ნაკრებს იმ ფეხბურთელებით ვაკომპლექტებ, რომლებიც იმ მომენტისთვის მიმაჩნია საუკეთესო ფორმაში მყოფად. გვესმის, რომ ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული, რადგან უყვართ ეს გუნდი, ასეა ყველგან, არა მარტო საქართველოში. ფეხბურთის ნაწილია - ზოგჯერ არის წარმატებული და ზოგჯერ წარუმატებელი პერიოდი. ყოველთვის მირჩევნია ყურადღება დადებით ასპექტებზე გავამახვილო, ვიდრე უარყოფითზე და მერწმუნეთ, რომ ბოლო პერიოდშიც იყო დადებითი რაღაცები, რასაც უნდა შევხედოთ, მხოლოდ უარყოფითი არ ყოფილა.
გულშემატკივრები? ყოველთვის, როდესაც ქუჩაში ხალხი მხვდება და ეს ხშირად ხდება, მხოლოდ დადებით და გამამხნევებელ სიტყვებს მეუბნებიან. მეუბნებიან, რომ არის რთული ფაზები, რომელსაც ერთად გავივლით. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით, მთლიანობაში გულშემატკივრები ყოველთვის გუნდის უკან არიან და ეს არის ჩემთვის მთავარი. ანონიმური კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად მწვავეც არის, არ ვიცი, ვისგან მოდის. მხოლოდ ის ვიცი, რასაც ყოველდღე ქუჩაში ჩემი თვალით ვხედავ და ვისმენ. ეს არის ჩემი სინამდვილე, რასაც აქ ვაწყდები და სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა და მომწონს აქ მუშაობა“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ტაილანდის მატჩი 12 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო 15 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს, ასევე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე (17:00 საათი).