საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ტაილანდის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ყველაფერს გააკეთებს, რომ სამწვრთნელო შტაბის ნდობა გაამართლოს.
„კლუბში არ მაქვს ბევრი სათამაშო დრო, თუმცა რა დროც მეძლევა, ყველანაირად ვცდილობ, რომ გამოვიყენო. ჩემი აზრით, კარგ ფორმაში ვარ და მეტ სათამაშო წუთებს ვიმსახურებ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც მე მინდა, ისე არაა. ბევრს ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება.
ნაკრებში მნიშვნელობა არ აქვს რამდენ წუთზე გავატარებ მოედანზე, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ეს გამოჩნდა კიდეც, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გოლი გავიტანე. მადლობა მწვრთნელს შექებისთვის, ეს ცუდად არ იმოქმედებს ჩემზე, არ მოვდუნდები, ვიმუშავებ, რათა მწვრთნელის ნდობა გავამართლო, რადგან კლუბში ბევრი თამაში არ მიწევს, მაგრამ მაინც ვარ ნაკრებში, რაც დასაფასებელია და მადლობა ამისთვის, ვეცდები, ნდობა მოედნიდან გავუმართლო.
ვიცით, რომ ტაილანდი ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ნაკრებში არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები, ამიტომ, ვინც მოედანზე გავა, ყველა ეცდება, რომ კარგად ითამაშოს. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც არც ესპანეთთან ანგარიშის და ამინდის მიუხედავად არ მიგვატოვეს, ნორვეგიაშიც წამოვიდნენ და ჩვენს გვერდით იყვნენ. იმედი მაქვს, სტადიონი ხვალაც გაივსება“, - თქვა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ტაილანდის მატჩი 12 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო 15 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს, ასევე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე (17:00 საათი).