„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი ტრავმირებული აღარ არის. Tuttosport-ის ცნობით, ქართველი მცველი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, „ინტერთან“ უახლოეს მატჩისთვის მზად იქნება.
აღსანიშნავია, რომ საზონოვი საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არაა, შესაბამისად, ტურინშია და დღეს გუნდმა ვარჯიში განაახლა. საზონოვის გარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი მცველი დავიდ ზიმა, ამასთან, ტურინელებს იმედი აქვთ, რომ „ინტერთან“ მატჩამდე ალესანდრო ბონჯორნოც დატოვებს ლაზარეთს.
ამრიგად, „ტორონოში“ ცენტრალური ნახევარმცველის, ადრიან ტამეზეს ცენტრალურ მცველად გამოყენების საჭიროება მომავალ შეხვედრაში აღარ იქნება.
შეგახსენებთ, საზონოვმა ტრავმა „ვერონასთან“ მატჩში მიიღო და ტურინულ დერბიში არ უთამაშია. თუმცა, „იუვენტუსთან“ საბა სათადარიგო სკამზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოდ ბოლომდე მზად არ იყო.
აქვე გეტყვით, რომ „ტორინოსა“ და „ინტერის“ მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.