ფეხბურთი

19:25 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" სალაჰის დუბლი არ ეყო, "ნიუკასლს" - ისაკის

ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში „ბრაიტონმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და იურგენ კლოპის გუნდს მორიგი ქულები დააკარგვინა.

რობერტო დე ძერბის გუნდი მეოცე წუთზე საიმონ ადინგრას გოლით დაწინაურდა, რომელიც ალისონის და ვირჯილ ვან დეიკის სინდისზეა. „წითლებმა“ პირველი ტაიმის ბოლოს მოჰამედ სალაჰის დუბლით სიტუაცია შეატრიალეს და წინ გავიდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 78-ე წუთზე ლუის დანქმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

„ლივერპული“ 17 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა, ხოლო „ბრაიტონს“ ქულით ნაკლები აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

ვერ მოიგო „ნიუკასლმაც“, რომელმაც ლონდონში „ვესტ ჰემთან“ დაკარგა ქულები. ტაიმი „ჩაქუჩებმა“ მოიგეს, რასაც მეორე ნახევრის სტარტზე ალექსანდერ ისაკის დუბლი და „ჯორდების“ წინ გასვლა მოჰყვა, მაგრამ „ვესტ ჰემმა“ ქულა მაინც გადაარჩინა - ამ შემთხვევაშიც 2:2.

„ნიუკასლი“ 13 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „ვესტ ჰემს“ 14 ქულა აქვს და მეშვიდეა. დღესვე ქულები დაკარგა „ასტონ ვილამ“, რომელიც „ვულვზს“ დაუზავდა სტუმრად - 1:1. უნაი ემერის გუნდი 16 ქულით მეხუთე საფეხურზეა, ხოლო „ვულვზი“ 8 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

„ბრაიტონი“ – „ლივერპული“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 ადინგრა (20), 1:1 სალაჰი (40), 1:2 სალაჰი (45, პენ), 2:2 დანქი (78)

„ვესტ ჰემი“ – „ნიუკასლი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 სოუჩეკი (8), 1:1 ისაკი (57), 1:2 ისაკი (62), 2:2 კუდუსი (89)

„ვულვზი“ – „ასტონ ვილა“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჰვანი (53), 1:1 ტორესი (55)

0.115175