ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ შინ ოთარ კიტეიშვილის „შტურმთან“ 1:2 დამარცხდა, გამარჯვების გოლი კი ოთარმა გაიტანა.
კიტეიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, თავის გამოჩენა 59-ე წუთზე შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კიტეს მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 9 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ მან თავი თასზეც გამოიჩინა. გარდა ამისა, ქართველი ნახევარმცველის აქტივში 4 საგოლე პასიცაა.
„ვოლფსბერგერში“ 80 წუთი გაატარა მოედანზე სანდრო ალთუნაშვილმა და სწორედ მან წამოიწყო მისი გუნდის ერთადერთი საგოლე შეტევა. სხვათა შორის, მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე უპირატესობა ხელიდან გაუშვა.
„შტურმი“ 24 ქულით ლიდერია, ხოლო „ვოლფსბერგერს“ 13 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. კიტეიშვილი და ალთუნაშვილი ორშაბათიდან საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდებიან.