ფეხბურთი

17:42 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა

გიორგი მიქაძემ „თელავი“ დატოვა და კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს. კახურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა გუნდიდან მისი წასვლა.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, საფეხბურთო კლუბი "თელავი" ადასტურებს, რომ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ, გუნდი საკუთარი ნება-სურვილით დატოვა - ბატონმა გიორგიმ, გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას, რაც დაკმაყოფილდა.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს კლუბს ნამდვილად არ სურდა მთავარ მწვრთნელთან განშორება, მითუმეტეს იმ დროს, როცა წინ ერთობ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშები გველის, პირიქით, ბატონ გიორგის სკ "თელავის" ხელმძღვანელობა, სრულ მხარდაჭერას უცხადებდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - მიქაძე "თელავს" აღარ გაწვრთნის.

აქვე გეტყვით, რომ სკ "თელავი" გიორგი მიქაძესთან ერთად, მისმა თანაშემწეებმაც (სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე, თენგიზ მაკასარაშვილი) დატოვეს. სკ "თელავი" მადლობას უხდის გიორგი მიქაძეს და მის შტაბს გაწეული სამსახურისთვის, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას კი უახლოეს დღეებში, სანაკრებო პაუზისას შეგატყობინებთ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მიქაძემ „თელავს“ 16 მატჩში უხელმძღვანელა (7 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება). „საბურთალოში“ ის ომარ თეთრაძეს შეცვლის.

0.118817