ფეხბურთი

2:20 | 4.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "იმედგაცრუებული ვარ, წაგებას არ ვიმსახურებდით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „რეალთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა და მისმა გუნდმა დაუმსახურებლად წააგო.

„შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან არ მგონია სამართლიანი. მატჩის სტატისტიკისა და მომენტების გათვალისწინებით, ფრე უფრო იქნებოდა. ძალიან კარგად დავიწყეთ, დაწინაურების შემდეგ გოლი შეცდომით გავუშვით, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და შეცდომა პრობლემა არაა. ნაკლებად მომეწონა გუნდი 1:1-ის შემდეგ, მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალება მივეცით. მეორე ტაიმში უფრო აგრესიულები ვიყავით, სტადიონიც დაგვეხმარა, რადგან ფეხბურთელებს ფანებმა უბიძგეს მეტოქის ზეწოლისკენ. სამწუხაროა, რომ გოლი გავუშვით კუთხურიდან, რომელიც ალბათ არ უნდა დანიშნულიყო. ანჩელოტი ამბობს, რომ პენალტი არ იყო, ჩვენ მესამე გოლზე ვსაუბრობთ, ამიტომ, სჯობს ეპიზოდებზე არ ვისაუბროთ, მარცხი ნამდვილად არ დაგვიმსახურებია.

განსაკუთრებით მომეწონა გულშემატკივრების რეაქცია მატჩის ბოლოს, ისინი ამტკიცებენ, რომ ფეხბურთის მცოდნე გულშემატკივრები არიან. წაგება ყოველთვის რთულია. „უნიონ ბერლინთან“ ორი მატჩი გადამწყვეტი იქნება, კონცენტრირებული უნდა ვიყოთ.

არ ვფიქრობ, რომ პენალტისტი ჟიელინსკია. როგორც აქამდეც ვთქვი, გუნდებში როგორც წესი, ომია პენალტებისთვის. შეიძლება ვინმეს კონკრეტულ მომენტში დარტყმა არ სურდეს და სხვას დაუთმოს. მიხარია, რომ მან პენალტი კიდევ ერთხელ ძალიან კარგად დაარტყა“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს „რეალი“ 6 ქულით უდგას სათავეში, „ნაპოლის“ და „ბრაგას“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „უნიონ ბერლინი“ უქულოდაა. მესამე ტურში „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს, ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება, იმავე დღეს „რეალი“ პორტუგალიაში, „ბრაგასთან“ ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს 8 ოქტომბერს, „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

0.12466