ფეხბურთი

13:39 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩზე, მიზნებზე, ოცნებებსა და ბევრ სხვა თემაზე...

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დღეს, „ნაპოლი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი გაზეთის დღევანდელი ნომრის გარეკანზეც მოხვდა ასეთი სათაურით: „რეალის" არ გვეშინია“.

- ხვიჩა, თქვენი სახე ნეაპოლის ყველა კუთხეშია. იცით თუ არა, ეს?

- რა თქმა უნდა (იღიმის). ამ ადამიანების სიყვარულს ყოველ ჯერზე ვგრძნობ, როცა სახლიდან გავდივარ და მადლიერი ვარ. მათ გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდით. ასეთი სიყვარული სხვა ენერგიას გაძლევს. სასიამოვნო ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ სტადიონზე ან ქალაქში მივდივართ, ნეაპოლიტანელი ხალხი ყოველთვის მზადაა სიყვარული გაჩუქოს. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ.

- გასულ სეზონში 14 გოლი და 14 საგოლე პასი მიითვალეთ...

- ეს იმის დამსახურებაა, რომ შესანიშნავი თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალია. ამ შედეგს მარტო ვერ მივაღწევდი. ყველაფერი იდეალურად მუშაობდა.

- სამუდამოდ იქნებით მარადონას გარეშე პირველი სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი გმირი...

- ხალხი თვეების განმავლობაში ზეიმობდა. თუ რამდენად დიდი იყო მათთვის ეს წარმატება პირველად მაშინ მივხვდი, როდესაც აპრილში „იუვენტუსი“ დავამარცხეთ. ნეაპოლში დავბრუნდით და გზატკეცილი ტიფოზებმა გადაკეტეს, ვერ ვიჯერებდი. ავტობუსის სახურავზე ავედით და მათთან ერთად ვიზეიმეთ. სკუდეტოს ქუდი მეხურა, ახლაც სიყვარულით ვინახავ ამ ქუდს.

- კლუბის ახალი დევიზია ნეაპოლიდან მსოფლიოსკენ...

- საერთაშორისო მხარდაჭერის ზრდა აშკარაა. ვგრძნობთ „ნაპოლის“ მნიშვნელობას მთელ მსოფლიოში. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით და გვაქვს ძალა, რომ ევროპაში უფრო მეტს მივაღწიოთ. გასულ წელს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.

- კრუიფმა თქვა, რომ ფეხბურთს ქუჩაში სწავლობენ. თითქოს თქვენც ასე ხართ...

- ქართველი ფეხბურთელები ქუჩაში თამაშით გავიზარდეთ. ქუჩაში ვთამაშობდი მაშინაც, როდესაც გუნდში ვარჯიში დავიწყე. ვბრუნდებოდი შინ და მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვთამაშობდი. ეს ძალიან სასიამოვნო იყო.

- რას ნიშნავს ოქროს ბურთის კანდიდატობა...

- პატარა ქვეყნიდან ვარ და ძნელი წარმოსადგენია ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც შენს საქმეში სულს დებს, თავგანწირვა გიფასდება. ვოცნებობ ოქროს ბურთის მოგებაზე, როგორც ყველა ოცნებობს.

- როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს წელს?

- ჩემი აზრით, მესი.

- რომელია თქვენი საყვარელი გოლი?

- „ატალანტასთან“ გოლი ძალიან კარგი და ბოლო, „უდინეზესთან“ ასევე კარგი იყო.

- ამასთან, მარტიდან დაწყებული უგოლო სერია შეწყდა...

- ფეხბურთელმა იცის, რომ ყოველთვის იმას ვერ გააკეთებ, რასაც შენგან ითხოვენ. უნდა იცოდე, რომ მსგავსი მომენტები იქნება და უნდა იმუშაო გასაუმჯობესებლად. კრიტიკას ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, მე მხოლოდ გუნდის დახმარება მაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა გოლით იქნება ეს თუ საგოლე პასით. რასაკვირველია, მომენატრა ის გრძნობა, რაც გოლის გატანით მოდის.

- გოლზე საუბრისას, ესპანეთის წინააღმდეგ გაიტანეთ, რამაც შესაძლოა თქვენი კარიერა შეცვალა...

- მაშინ 19 წლის ვიყავი. „დინამო არენაზე“ გავიტანე, ლამაზი გოლი იყო. მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ შევძელით. ამ გოლმა თავდაჯერება მომიმატა, კარიერის შესაცვლელად საკმარისი ერთი გოლი არ არის, მაგრამ თითოეული გოლი თითო ნაბიჯია გზაზე.

- ბოლოს ესპანეთთან ძალიან მძიმე მარცხი განიცადეთ...

- ეს ჩვენი დღე არ იყო, ფეხბურთში ხდება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ნებისმიერთან თამაში შეუძლია და გვინდა ეს დავამტკიცოთ. დარწმუნებული ვარ, არცერთ გუნდს არ უხარია საქართველოსთან შეხვედრა.

- თვალს ადევნებთ მამარდაშვილს, თქვენს თანაგუნდელს, რომელიც „ვალენსიას“ ლიდერია?

- რა თქმა უნდა. ის დიდი მეგობარია, მართლაც ნიჭიერი და დიდი პროფესიონალი. მას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მივიჩნევ.

- წინ ისტორიული საღამოა: მადრიდის „რეალი“ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გეთამაშებათ...

- გავიზარდე ტელევიზორში „რეალის“ თამაშების ყურებით და ახლა ისინი ჩემი მეტოქეები არიან მოედანზე. შეუძლებელია ასეთი თამაშით ბედნიერი არ იყო.

- თქვენ თქვით, რომ თქვენი კუმირები კრიშტიანუ რონალდუ და გუტი იყვნენ...

- ვუყურებდი მათ და ვცდილობდი მათთვის მიმებაძა ფინტებში, დარტყმებში, ჩემთვის ინსპირაციის წყარო იყვნენ. გუტის თამაშებს მთელი ბავშვობის განმავლობაში ვუყურებდი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მაისურს გამომიგზავნიდა. მესიჯებიც გავცვალეთ, რამაც გამახარა. ეს პატარა ხვიჩას ოცნების ასრულება იყო.

- საქართველოში „რეალის“ ბევრი გულშემატკივარია...

- დიად, მაგრამ ვფიქრობ, ახლა „ნაპოლისკენაც“ იქნებიან (იცინის).

- მარცხენა გარემარბებში თქვენი ერთ-ერთი კონკურენტი ვინისიუსია...

- ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერი და ამ პოზიციაზე საუკეთესო. მისი და „რეალის“ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება. მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი, შემიძლია მთელი შემადგენლობა დავასახელო. ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან.

- როგორ „ნაპოლისთან“ მოუწევს „რეალს“ თამაში?

- გუნდი, რომელიც ყველას პატივს სცემს, მაგრამ არავის ეშინია. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მატჩის მოსაგებად.

- „ნაპოლი“ არასდროს ყოფილა ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალზე შორს...

- ეს დიდი მიზანია და გვინდა ამ ბარიერის დაძლევა. რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა ჩემპიონთა ლიგაზე, დრო გვიჩვენებს.

- როგორ შეხვდით „ნაპოლის“ მწვრთნელის ცვლილებას?

- პირველ რიგში, სპალეტის მადლობა უნდა გადავუხადო. მან დაიჯერა ჩემი და ჩემი პოტენციალის. არასდროს მექნება საკმარისი სიტყვები მადლიერების გამოსახატად. ხანდახან ვსაუბრობთ, ის აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. რუდი გარსია შესანიშნავი მწვრთნელია, ნელ-ნელა უკეთ ვეგუებით მის ტაქტიკას და ხედვას. დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას მივაღწევთ. მზად ვართ მწვრთნელის იდეებს მივყვეთ.

- თქვენ და ოსიმენი ერთმანეთს საოცრად უგებთ...

- ვიქტორი განსაკუთრებული ბიჭია, რაც მოედანზეც ჩანს. ის ყოველთვის ხელმისაწვდომია, რომ გუნდს დაეხმაროს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.

- მადლობას გიხდით პასებისთვის?

- დიახ, ყოველთვის (იცინის).

- ვინ არის მცველი, რომელიც მოედანზე ყველაზე მეტად გირთულებთ ცხოვრებას?

- ჩვენი კაპიტანი, დი ლორენცო.

- ბევრს მიაღწიეთ, მაგრამ მხოლოდ 22 წლის ხართ. რა მიზანი გაქვთ მომავალში?

- ჯერ კიდევ ბევრი მაქვს მოსამატებელი და მინდა მოვიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელია.

- ოცნება?

- ორი ოცნება მაქვს: ჩემპიონთა ლიგის მოგება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.

0.11338