ფეხბურთი

2:20 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარა ახლა უფრო მშვიდი იქნება, ის უნიკალური და სანახაობრივი ფეხბურთელია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „უდინეზესთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარა მენტალურად ძლიერი და უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც დიდხანს ესაუბრა და ურჩია, რომ უგოლო სერიაზე არ ეფიქრა.

„კვარამ გოლი გაიტანა და გონებით გაცილებით მსუბუქი იქნება. დიდხანს ვესაუბრე და ვურჩიე, რომ ამაზე არ ეფიქრა. უნიკალური ფეხბურთელია, მენტალურად ძლიერი, ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომელიც მეტოქეს ატყუებს და როცა მოედანზე ბედნიერია, ყველაფერი ისე მშვიდად მოდის, როგორც დღეს საღამოს“, - თქვა გარსიამ ტელეკომპანია DAZN-თან.

ფრანგმა სპეციალისტმა ქართველ ფეხბურთელზე შემდეგ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა:

„დიდი კვარაც დაბრუნდა. საგოლე პასი გააკეთა, პენალტი მოიპოვა, ბურთი ორჯერ გაარტყა ძელს, მერე კი ყოჩაღი იყო, ყველაფერი გააკეთა, რადგან ამ ორი ძელის შემდეგ არ დანებდა და ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც ჩემი აზრით დაეხმარება მომდევნო მატჩებში უფრო მეტად მშვიდად იყოს, ვინაიდან აღარ იფიქრებს გოლზე, რომელსაც მარტის შემდეგ ელოდა. როგორც მას ვუთხარი, მხოლოდ თამაშისგან სიამოვნების მიღებაზე უნდა ეფიქრა, რადგან ის არის სანახაობრივი ფეხბურთელი, რომელსაც უყვარს მეტოქის მოტყუება, უყვარს კარგად თამაში და საკმარისი იყო მხოლოდ ამაზე მოეხდინა კონცენტრაცია და გოლს გაიტანდა, როგორც დღეს საღამოს გააკეთა“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

0.112219