ფეხბურთი

14:55 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა "ნაპოლი" შესაძლოა იანვარში დატოვოს

ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა „ნაპოლი“ იანვარში დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

ნიგერიელის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ რთული წარმოსადგენია, რომ მხარეებმა მის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიონ.

სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ კი, ოსიმენი ძალიან გაბრაზდა, რაც მისმა აგენტმა საჯარო პოსტით დაადასტურა. აფრიკელი „ნაპოლიდან“ წასვლაზე რომ ფიქრობს, მისმა მეგობარმა და ჟურნალისტმა ომა აკატუგბამ დაადასტურა, რომელმაც განაცხადა:

„წარმოუდგენელია, რომ შენი კლუბი გაცუდებული პენალტის გამო დაგცინის. სირცხვილია, მიუღებელია, პატივისცემის დიდი ნაკლებობაა, სასაცილოა, უხეში შეცდომაა. ჩვენ ვსაუბრობთ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელზე, „ოქროს ბურთის“ კანდიდატზე და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელზე. და მას ასე ექცევიან მხოლოდ იმიტომ, რომ 2-3 თამაშია გოლი არ გაუტანია? ახლა რა იქნება? „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს დაკარგავს. ის არ გააგრძელებს კონტრაქტს და სურს, რაც შეიძლება მალე წავიდეს. მხოლოდ იმას ვამბობ, რაც გარდაუვალია. ოსიმენი, რაც შეიძლება მალე წავა, არც ერთი გუნდი არ დასცინის თავის საუკეთესო ფეხბურთელს“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში 26 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიმდინარე სეზონში კი 3 გოლი აქვს გატანილი.

0.112741