ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ წინააღმდეგ! ნიგერიელმა ფეხბურთელმა შეიძლება თავის კლუბს უჩივლოს და ამის მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო გახდება.
ვიდეო, რომელიც „ნაპოლის“ სოციალურ ქსელში აიტვირთა „ბოლონიასთან“ ოსიმენის გაცუდებულ პენალტს ეხება, სადაც ნიგერიელს დასცინოდნენ. ვიდეო მალევე წაიშალა, მაგრამ ფეხბურთელის აგენტმა რობერტო კალენდამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისინი ფეხბურთელის დასაცავად ყველა ზომას, მათ შორის, სამართლებრივ ზომას მიმართავენ.
„რაც დღეს მოხდა „ნაპოლის“ ოფიციალურ პროფილზე TikTok პლატფორმაზე, მიუღებელია. ვიქტორის დამცინავი ვიდეო ჯერ საჯარო გახდა, შემდეგ კი წაიშალა. სერიოზული ფაქტი, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს მოთამაშეს და ეს ყველაფერი ემატება იმას, რასაც ბიჭი განიცდის ბოლო პერიოდში ყალბ ამბებს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ სამართლებრივი ზომები და ნებისმიერი სასარგებლო ინიციატივა ვიქტორის დასაცავად“, - დაწერა კალენდამ.
ვიქტორ ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის გამო ბოლო დროს ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო, ახლა კი შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდეს.