იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონიასთან“ ქულები დაკარგა და ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მოუგებელი მატჩი ჩაატარა.
„აძურიმ“ მეტოქეს ვერაფერი დააკლო, უხეიროდ უტევდა და ამან შედეგი არც მოუტანა, თუმცა, სტუმრებს მოგება მაინც შეეძლოთ. 72-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტი დაარტყა, მაგრამ არაზუსტად - ბურთი კარს ააცილა.
პენალტის მომენტი კი ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს უპასა და იქ დავიდე კალაფიორიმ ხელით ითამაშა. თუმცა, ნიგერიელმა ეს საჩუქარი ვერ შეირგო. ეს იყო და ეს - 0:0.
ხვიჩა კვარაცხელიამ ორჯერ დაარტყა კარში, ორჯერვე მეკარემ აჯობა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ხვიჩა რუდი გარსიამ ისევ შეცვალა, ამჯერად უკვე 76-ე წუთზე. კვარას უგოლო სერია უკვე 188 დღეს ითვლის. თუმცა, ქართველს ბოლონიაში ცუდად არ უთამაშია, ყოველ შემთხვევაში თანაგუნდელთა ფონზე ნამდვილად ასე იყო.
„ნაპოლის“ თავის მხრივ ბევრი პრობლემა აქვს და ეს იგრძნობა. „აძური“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
„ბოლონია“ – „ნაპოლი“ 0:0 (0:0)