ჭიდაობა

19:25 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძე ფინალში გავიდა.

63 კგ წონით კატეგორიაში აბულაძემ ჯერ თურქი ენეს ბაშარი დაამარცხა 4:3, მერე უკრაინელ ოლეკსანდრ ჰრუშინს აჯობა (1:1), ხოლო ნახევარფინალში ფრანგ სტეფან კლემენს 3:1 სძლია. შედეგად, ხვალ ფინალში იჭიდავებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მისთვის ზედიზედ მესამე ფინალი იქნება. ლერის ფინალში დაპირისპირება აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან მოუწევს.

67 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა ბულგარელი ივო ილიევი (7:0), და რუსი ალიაქსანდრ ლიავონჩიკი (5:1) დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან მარცხი განიცადა (0:10), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველსაც რეპეშაჟის შანსი არ მიეცა.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ თავიდან სულთან ალი დამენს 8:1 მოუგო, მერე ხორვატ ივან ჰუკლელს 6:2 სძლია, მაგრამ მერვედფინალში ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 1:3 წააგო. ნოვიკოვი ფინალში ვერ გავიდა და გობაძეც მედლისთვის ვეღარ იბრძოლებს.

დღესვე, რეპეშაჟში გამოვიდა ფრიდონ აბულაძე (60 კგ), რომელმაც ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩუსს 2:1 აჯობა, მაგრამ უზბეკ ისლომიონ ბახრამოვთან 4:7 წააგო და მედლისთვის ვერ იბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების აქტივში მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა, ბოლო გამომსვლელი კი, ლერი აბულაძე იქნება. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ამ ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზია ვერ მოიპოვა.

0.124583