რაგბი

17:58 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კატასტროფული ფრე: საქართველო პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და მიზანს ვერ მიაღწია.

ლევან მაისაშვილის გუნდი პორტუგალიასთან მხოლოდ მოსაგებად უნდა გასულიყო მოედანზე, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ მარცხს ბეწვზე გადაურჩა... ეს იყო კატასტროფული თამაში, რომელშიც „ბორჯღალოსნებმა“ უამრავი შეცდომა დაუშვეს და გამარჯვება არაფრით დაუმსახურებია.

არადა, თამაში კარგად დაიწყო: მეორე წუთზე აკა ტაბუცაძემ ლელო მიითვალა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. ასეთი სტარტი არათუ გამარჯვების, არამედ ბონუს ქულის იმედსაც იძლეოდა. მით უფრო, მალევე აბჟანდაძემ ორი ჯარიმით სხვაობა გაზარდა. იყო ერთი გაუქმებული ლელოც. მოკლედ, საქართველო თამაშს სრულად აკონტროლებდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ტაიმის მიწურულს, როდესაც სტორტმა ლელოთი სხვაობა შეამცირა.

პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ტაიმის სტარტზე „ბორჯღალოსნებს“ მოედანზე რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა, ეს თამაშში არ ასახულა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მინდორზე უბრალოდ არ არსებობდა... პორტუგალიამ ჯერ ანგარიში შეამცირა, მერე წინაც გავიდა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან.

78-ე წუთამდე ლუზიტანელები 18:13-ს იგებდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნები“ წაგებას თენგიზ ზამთარაძემ გადაარჩინა, რომელმაც ლელო მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა, ლუკა მატკავას გარდასახვა კი არაზუსტი იყო. თუმცა, ეს ყველაფერი არ ყოფილა, საქართველო მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა, როდესაც პორტუგალიამ ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა, თორემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოიგებდა და 18 მატჩის მერე საქართველოსაც დაამარცხებდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, პორტუგალიასთან ფრე საქართველოს ნაკრებისთვის მიუღებელი და კატასტროფული შედეგია. მესამე შეხვედრას ლევან მაისაშვილის გუნდი 30 სექტემბერს, ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველო - პორტუგალია 18:18 (13:5)

ქულები: 5:0 ტაბუცაძე (2), 7:0 აბჟანდაძე (2), 10:0 აბჟანდაძე (16), 13:0 აბჟანდაძე (33), 13:5 სტორტი (35), 13:8 მარკეში (49), 13:11 მარკეში (54), 13:16 სტორტი (58), 13:18 მარკეში (59), 18:18 ზამთარაძე (78)

საქართველო: ნარიაშვილი, მამუკაშვილი (ზამთარაძე 56), გიგაშვილი, ჩაჩანიძე, მიქაუტაძე, ჯალაღონია, საღინაძე (ცუცქირიძე 70), გორგაძე, აფრასიძე (ლობჟანიძე 60), აბჟანდაძე, თოდუა (თაფლაძე 69), შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, ნინიაშვილი

0.123124