სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა. სამი ქართველი მოჭიდავე ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
60 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ პირველი შეხვედრა მექსიკელ სამუელ გურია ვიგერასს 10:2 მოუგო, მაგრამ მერე ჟოლამან შარშენბეკოვთან 0:9 წააგო და ოქროს მედლისთვის ვეღარ იბრძოლა. თუმცა, შარშენბეკოვი ფინალში გავიდა, რითაც აბულაძეს რეპეშაჟის შანსი მისცა, რომლის პირველ წრეში ქართველი ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩუსს შეხვდება.
72 კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალიდან ჩაერთო რომან ზოიძე, მაგრამ იაპონელ შინგო ჰარადასთან 0:1 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან ფინალში იაპონელი ვერ გავიდა.
97 კგ წონით კატეგორიაში კი გიორგი მელიამ ასევე მერვედფინალში განიცადა მარცხი ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფთან (1:3). ვინაიდან ფინალში ნორვეგიელი ვერ გავიდა, რეპეშაჟის შაანსი ქართველმაც დაკარგა.
საქართველოს ნაკრების წევრი 7 წონით კატეგორიაში უკვე გამოვიდა და ფინალში მხოლოდ ნუგზარ წურწუმია გავიდა.