ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სტარტი კონფერენს ლიგამაც აიღო, რომელიც გამორჩეული და რეკორდული მატჩით დაიწყო.
ბოსნიაში, „ჟრინსკიმ“ ფავორიტად ჩასული „ალკმაარი“ 4:3 დაამარცხა, რის შედეგადაც კონფერენს ლიგის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩატარდა - აქამდე ამ ტურნირის ჯგუფში არ ყოფილა თამაში, რომელშიც 7 გოლი იყო გასული.
თუმცა, უფრო გამოსარჩევი სხვა ამბავია: „ალკმაარი“ პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა! მეორე ნახევარში კი ბოსნიელებმა პრაქტიკულად წარმოუდგენელი რამ გააკეთეს და გაცილებით ძლიერ მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
კონფერენს ლიგაზე სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ვარშავის „ლეგიას“ გამარჯვება შინ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 3:2. მიუხედავად იმისა, რომ უნაი ემერის გუნდი საბრძოლო შემადგენლობით თამაშობდა, პოლონელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.