ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური საინტერესოდ დაიწყო და პირველი სათამაშო დღე ძალიან დრამატულად დასრულდა.
დასრულდა მეკარის, ივან პროვედელის გოლით! „ლაციოს“ კარის დარაჯი ბოლო შეტევაში ჩაერთო, რათა თავისი გუნდი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხისგან ეხსნა და იხსნა კიდეც. იტალიელი მეკარე უბადლოდ გაიხსნა, საჯარიმოში შეირბინა, მცველებს შორის, იან ობლაკს დაასწრო და თავით გაიტანა - 1:1. ამავე ჯგუფში როტერდამის „ფეიენოორდმა“ მაგრად დაჩაგრა „სელტიკი“ – 2:0. ანგარიში უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო, შოტლანდიელებმა კი თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულეს.
E ჯგუფში „მილანისა“ და „ნიუკასლის“ თამაში უგოლოდ ჯერ კიდევ მანამდე მორჩა, ახლა კი, „პარი სენ-ჟერმენმა“ „დორტმუნდს“ 2:0 მოუგო. კილიან მბაპემ პენალტით გახსნა ანგარიში, მერე აშრაფ ჰაკიმიმ საოცარი გოლი გაიტანა.
„ბარსელონამ“ მოლოდინისამებრ იოლად მოუგო ბელგიურ „ანტვერპენს“ – 5:0. დუბლი შეასრულა ჟოაო ფელიქსმა, რომელმაც „ბარსაში“ ბრწყინვალე სტარტი აქვს. ამავე ჯგუფში „პორტუმ“ „შახტარს“ გასვლაზე აჯობა 3:1. ირაკლი აზაროვმა 25, გიორგი გოჩოლეიშვილმა 15 წუთი ითამაშა - ორივეს დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე.
„მანჩესტერ სიტის“ უდიდესი უპირატესობა ჰქონდა „ცრვენა ზვეზდასთან“ და 3:1 მოიგო, მაგრამ მოახერხა და პირველი ტაიმი 0:1 დათმო. მიუხედავად ამისა, პეპ გვარდიოლას გუნდმა შესვენების შემდეგ ყველაფერი გამოასწორა. ამავე ჯგუფში „ლაიფციგმა“ სტუმრად ასევე 3:1 სძლია „იანგ ბოიზს“.
„ბარსელონა“ – „ანტვერპენი“ 5:0 (3:0)
გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (11), 2:0 ლევანდოვსკი (19), 3:0 ბატალიე (22, ა.გ), 4:0 გავი (54), 5:0 ჟოაო ფელიქსი (66)
„ფეიენოორდი“ – „სელტიკი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სტენგსი (45), 2:0 ჯახანბახში (76)
„ლაციო“ – „ატლეტიკო“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ბარიოსი (29), 1:1 პროვედელი (90)
„მანჩესტერ სიტი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 ბუკარი (45), 1:1 ალვარესი (47), 2:1 ალვარესი (60), 3:1 როდრი (73)
„პარი სენ-ჟერმენი“ – „დორტმუნდი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მბაპე (49, პენ), 2:0 ჰაკიმი (58)
„შახტარი“ – „პორტუ“ 1:3 (1:3)
გოლები: 0:1 გალენო (8), 1:1 კელსი (13), 1:2 გალენო (15), 1:3 ტარემი (29)