ფეხბურთი

19:34 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემი ინგლისური ახირებები

ყველას ჩვენ-ჩვენი უცნაური ახირებები გვაქვს და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ყოვლად წარუმატებელი, უფერული და ერთი შეხედვით უინტერესო საფეხბურთო კლუბის ქომაგი იყოს. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ვნახავთ ხალხს, რომლებიც საყვარელ კლუბს არა ბავშვობაში, არამედ უკვე ჭარმაგ ასაკში ივიწყებენ და ისეთი გუნდის ქომაგობას იწყებენ, რომელზეც იქამდე მხოლოდ სიძულვილით საუბრობდნენ.

თუმცა, მე ყველაზე მეტად, მაინც ქართველი გლშემატკივრების მესმის, რომლებიც ჯერ ზურიკო დავითაშვილის და გიორგი მიქაუტაძის, ახლა კი მხოლოდ ზურიკოს ქომაგობის სურვილით, ისეთ უცნაურ ტურნირებს უყურებენ, როგორიც საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაა. ამ ლიგით უწინ არასოდეს დავინტერესებულვართ და როდესაც ზურიკო (იმედია მალე) უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავა, საფრანგეთის მეორე ლიგის არსებობაც კი შეიძლება გადაგვავიწყდეს.

მსგავსი ახირებების „მსხვერპლი“ მეც გახლავართ, რადგან ევროპის საკლუბო ტურნირებში იტალიის "სერია ა"-ს შემდეგ ჩემი საყვარელი ტურნირია არა პრემიერლიგა, პრიმერა, ბუნდესლიგა ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგა, არამედ ინგლისის FA CUP-ია. თუ გინდა ფეხბურთის ისტორიაში იმოგზაურო, სწორედ ამ თასზე მოთამაშე კლუბები უნდა ნახო. ვის არ ნახავ აქ, იორკშირული ლუდსახარშის მუშების გუნდიდან დაწყებული, ლიდსშირელი მეტყევეების გუნდით დამთავრებული. ზოგიერთ გუნდს ისეთი პატარა სტადიონი აქვს, ვაკის "ირაოს" აწდანგრეული სტადიონი იმასთან შედარებით უემბლად მოგეჩვენებათ.

მინახავს სრულიად უტრიბუნო სტადიონებიც. ერთ-ერთი კლუბის სპონსორი პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია იყო და ტრიბუნაზე პრეზერვატივის მაკეტჩაცმული დაბოღმილსახიანი ტიპები ჭარბობდნენ ადგილობრივ ქომაგებს. თუმცა, ამ კლუბების უმეტესობა უმაგრესი გუნდია ძველი, ყავლგაუსვლელი საქომაგო ტრადიციით და სრულიად უტიტულო, თუმცა მათთვის მაინც საამაყო ისტორიით. ამ პატარა კლუბების დიდი ნაწილი მე-19 საუკუნეშია დაარსებული. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იქ ბურთს ჯერ კიდევ მაშინ აგორებდნენ, როდესაც კუნძულზეც და მატერიკზეც ქალები რკინის სალტეებიანი გაფარჩხული კაბებით, ბაკენბარდებიანი კაცები კი ტროსტით დადიოდნენ.

მოდი და ნუ დაგაინტერესებს ეს ყველაფერი...

p.s. ფოტოზე წარმოდგენილი სტადიონი "სკარბორო" ეკუთვნის აწგაკოტრებულ საფეხბურთო კლუბ "ატლეტიკ გროუდს", რომელიც ჩრდილოეთ ინგლისში მდებარეობს. სტადიონის გვერდით მთელი 50 წლის განმავლობაში იყო დიდი სამხერხაო და ხის საწყობი, რის გამოც სტადიონს ხუმრობით "ჩიფსების თეატრი" დაარქვეს. სტადიონი 1898 წელს გაიხსნა. ეს ის დროა, როდესაც ილია, ვაჟა, აკაკი, იაკობი და ყველა თერგდალეული ცოცხალი იყო.

0.116728