რაგბი

10:27 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "პორტუგალიასთან ყურადღება და მობილიზება გვმართებს"

საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა მერაბ შარიქაძემ და ლუკა მატკავამ პორტუგალიასთან მატჩის სამზადისზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, მობილიზება მართებთ, მაგრამ იციან, როგორ უნდა ითამაშონ პორტუგალიის წინააღმდეგ.

მერაბ შარიქაძე: „დავისვენეთ რაღაც პერიოდი, ორი დღე პროდუქტიული ვარჯიშები გვქონდა და ორშაბათიდან პორტუგალიასთან მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ. პორტუგალია ძალიან დიდი ენთუზიაზმითაა, ფიზიკურად საკმაოდ კარგად არიან მომზადებული, თუმცა უელსმა გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად უპირატესობა მაინც მოიპოვა. მაგრამ იყო რაღაც მომენტები, რაც პორტუგალიას წესით უნდა გამოეყენებინა, მაგალითად, კარში დარტყმული ჯარიმები, როგორც წესი, მათ დამრტყმელს არ ახასიათებს ასეთი აცილებები, თუ არ ვცდები, 9 ქულა ჯარიმის სახით გააცუდა და გარდასახვაც ვერ გაიტანა. პორტუგალია ძალიან კარგად გამოიყურება, ამიტომ ყურადღება და მობილიზება გვმართებს“.

ლუკა მატკავა: „მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა გუნდი ძალიან კარგადაა მომზადებული, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად. ახალი პრინციპში არაფერი გვინახავს, პორტუგალიასთან ბევრჯერ გვითამაშია, ვიცით, როგორ უნდა ვეთამაშოთ და რა უნდა დავუპირისპიროთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება.

0.11424