ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ლონდონის „არსენალმა“ მძიმე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მიკელ არტეტას გუნდმა სტუმრად „ევერტონი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა გაიტანა. „არსენალმა“ ამ მოგებით 13 ქულა დააგროვა და მეორე-მეოთხე ადგილებს „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულთან“ ერთად იყოფს. „ევერტონისთვის“ ეს სეზონიც უმძიმესად დაიწყო და ხუთ ტურში მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული.
მაურისიო პოჩეტინოს „ჩელსი“ ისევ კრიზისშია - 5 ტური და ერთადერთი მოგება, ისიც დებიუტანტ და აშკარად ყველაზე სუსტ მეტოქესთან „ლუტონთან“. „ჩელსიმ“ ამჯერად სტუმრად „ბორნმუთს“ ვერ დააკლო ვერაფერი და ნულოვან ფრეს დასჯერდა. ლონდონელებს ხუთ ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვთ და მე-14 ადგილზე არიან.