გიორგი მიქაუტაძის ნიდერლანდური კარიერა ისე ვერ დაიწყო, როგორც სასურველი იყო. ჯერ ერთი, რომ „აიაქსი“ კატასტროფულად თამაშობს, ქართველი ფეხბურთელი კი, უკვე მეორე მატჩია მოედანზე პრაქტიკულად გუნდისგან განცალკევებულია - არც ისე აქტიურია, პასებსაც იშვიათად აძლევენ...
„აიაქსი“ „ტვენტესთან“ უშანსოდ და დამსახურებულად დამარცხდა - 1:3. უფრო მეტიც, ლოგიკურად, სხვაობა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო, 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაგრამ იმ დროში, რაც მინდორზე გაატარა, თავი არაფრით გამოუჩენია. გაურკვეველია პოზიციაც, რომელზეც მორის სტეინი ათამაშებს. ფაქტია, ის ქართველს ფორვარდად არ იყენებს, რაც გიორგის მთავარი პოზიციაა.
არადა, გვახსოვს ლიგა 1-ის სტარტზე „მეცში“ ჩინებულ ფორმაში იყო. ცხადია მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ ალბათ, დღევანდელ „აიაქსში“, სადაც მას ძირითადში ადგილიც არ ექნება გარანტირებული, ლიგა 1-ში, „მეცის“ უპირობო ლიდერობა ნამდვილად სჯობდა...
„აიაქსს“ ოთხ თამაშში 5 ქულა აქვს მოპოვებული და მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 სექტემბერს, „ფეიენოორდს“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე ევროპა ლიგის პირველ ტურში 21 სექტემბერს, „მარსელს“ ასევე შინ დაუპირისპირდება.