ფეხბურთი

0:47 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" წაგებას გადაურჩა, კვარაცხელიას უგოლო სერია გრძელდება

„ნაპოლიმ“ სერია A-ს ზედიზედ მეორე ტურში დაკარგა ქულები, ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია გაგრძელდა.

რუდი გარსიას გუნდი გენუაში, „ჯენოას“ ესტუმრა და მარცხს ბეწვზე გადაურჩა. იტალიის ჩემპიონი თამაშის უმეტესი ნაწილი უფერული იყო და არაფერი გამოსდიოდა, ამიტომაც დამსახურებულად აგებდა ორბურთიანი სხვაობით. ანგარიში მატია ბანიმ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, მეორე ნახევრის სტარტზე კი მატეო რეტეგიმ უპირატესობა გაზარდა.

„ნაპოლიმ“ პირველად კარში 73-ე წუთზე დაარტყა, ეს ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, თუმცა, დარტყმა სუსტი იყო და მეკარე ადვილად დაეუფლა. ხვიჩას პირველ ტაიმშიც ჰქონდა ერთი მომენტი, კარს ააცილა. ის 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს და ქართველი რუდი გარსიას გადაწყვეტილებით გაოცებული და უკმაყოფილო იყო... ხვიჩას გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, სამწუხაროდ, ეს სერია ახლაც არ შეწყდა.

„ნაპოლი“ წაგებას შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გადაარჩინეს. 77-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ შეამცირა სხვაობა, ხოლო 84-ე წუთზე მატეო პოლიტანომ გაათანაბრა. ორივე გოლი ძალიან ეფექტური იყო. მთლიანობაში, ამ თამაშის ფონზე გარსია ქულითაც კმაყოფილი უნდა იყოს.

„ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.

0.117741