ფეხბურთი

20:39 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„დაბრუნებების“ (Comeback) ტური პრემიერლიგაში

„ვულვერჰემპტონთან“ თამაშის წინა დღით, იურგენ კლოპმა დაიჩივლა, რომ მისი გუნდის მატჩი შაბათს ყველაზე ადრე დანიშნეს. რა თქმა უნდა, „წითლების“ მწვრთნელის პრეტენზიები გასაგები იყო და პირველ ტაიმში მისი გუნდი მართლაც დაღლილი ჩანდა.

„ვულვერჰემპტონმა“ უფრო აქტიურად დაიწყო თამაში და ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. თავი კორეელმა ჰი ჩან ჰვანმა გამოიჩინა. პირველ ტაიმში „ლივერპულს“ არაფერი გამოსდიოდა მაგრამ შესვენების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კლოპის გუნდს დროულმა შეცვლებმა უშველა.

„წითლებმა“ მასპინძლები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და გაკპომ მალევე აღადგინა წონასწორობა. გადაწმწყვეტი შოტლანდიელი რობერტსონის მეორე გოლი გამოდგა, ამის შემდეგ „ლივერპული“ უკვე თანმიმდევრულად ირჯებოდა და დამატებულ წუთებზე მესამეც შეაგდო, ელიოტის დარტყმული ბურთი მასპინძელთა მცველ ბუენოს შეეხო და კარში აღმოჩნდა - 1:3. სალაჰმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

საინტერესოა, რომ „ლივერპულმა“ მიმდინრე სეზონის 5 ტურში უკვე მესამე ისეთი მატჩი მოიგო, რომელსაც თავიდან აგებდა.

კლოპის გუნდმა 13 ქულა მოაგროვა და ცოტა ხნით გალიდერდა კიდეც. თუმცა ახლა მესამე ადგილზე დგას.

მდევრის როლში აღმოჩნდა „მანჩესტერ სიტიც,“ მაგრამ „ქალაქელებმაც“ იყოჩაღეს, „ვესტ ჰემს“ სტუმრად ასევე 1:3 მოუგეს და 100-პროცენტიანი მაჩვენებლით (5 მატჩი, 5 მოგება) კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობენ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს.

"ბორნმუთთან" თამაში შემოატრიალა „ტოტენჰემმაც.“ ჩრდილოლონდონელებმა დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გაუშვეს გოლი, ნიდერლანდელმა ჰამერმა გაიტანა. მაგრამ რიშარლისონმა და კულუშევსკიმ მერვე და მეათე (!) დამატებულ წუთებზე გამოიჩინეს თავი და - 2:1.

ახლა „ტოტენჰემს“ „ლივერპულის“ მსგავსად 13 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით, მეორე ადგილზე დგას.

დაახლოებით იგივე მოხდა „ასტონ ვილასა“ და „კრისტალ პალასის“ შეხვედრაში. სტუუმრები აქაც ბოლოსკენ დაწინაურდნენ, მაგრამ ლუისმა მერვე (პენალტით) და ბეილიმ მეთერთმეტე დამატებულ წუთებზე იყოჩაღეს.

„ბრაიტონმა“ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ლიდერთა შორის ფეხს იკიდებს. ამჯერად დე ძერბის შეგირდებმა „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხეს და რომ არა მასპინძელთა ტუნისელი მეჯბრის ერთი საპასუხო გოლი, „წითელ ეშმაკები“ მთლად შერცხვებოდნენ: დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ისინი 0:3 აგებდნენ.

ახლა ბრაიტონელებს 12 ქულა მოიგროვდათ და მეოთხე ადგილზე დგანან. 6-ქულიანი „მანჩესტერი“ კი მე-12 საფეხურზეა.

ინგლისი

პრემიერლიგა 2023/24

მე-5 ტური. 16 სექტემბერი

ვულვერჰემპტონი - ლივერპული 1:3

1:0 ჰი ჩან ჰვანი (7), 1:1 გაკპო (55), 1:2 რობერტსონი (85), 1:3 ბუენო (90+1, საკ. კარში)

ვესტ ჰემი - მანჩესტერ სიტი 1:3

1:0 უორდ-პროუსი (36), 1:1 დოკუ (46), 1:2 სილვა (76), 1:3 ჰოლანდი (86)

მანჩესტერ იუნაიტედი - ბრაიტონი 1:3

0:1 უელბეკი (20), 0:2 გროსი (53), 0:3 ჟოაუ პედრუ (71), 1:3 მეჯბრი (73)

ასტონ ვილა - კრისტალ პალასი 3:1

0:1 ედუარი (48), 1:1 დურანი (88), 2:1 ლუისი (90+8 პენ), 3:1 ბეილი (90+11)

ფულემი - ლუტონი 1:0

1:0 ვინისიუსი (65)

ტოტენჰემი - შეფილდ იუნაიტედი 2:1

0:1 ჰამერი (74), 1:1 რიშარლისონი (90+8), 2:1 კულუშევსკი (90+10)

გაძევება: მაკბერნი (90+14) - შეფილდი

0.144453