Eleven Sport-ის კომენტატორმა იეროენ როპემ ნიდერლანდურ მედიასთან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის გოლების მანქანაა, რომელიც თავდაჯერებულობით ზლატან იბრაჰიმოვიჩს აგონებს.
„ის ნამდვილი მკვლელია, გოლების მანქანა, სუპერ ეფექტურია, ოდნავ შანსსაც იყენებს. ერთადერთი, რაც შეიძლება მას დააბრალო, არის ის, რომ ცოტათი ზედმეტად ეგოისტია, მაგრამ როდესაც მის შედეგიანობას ხედავ, ძნელია ის დაადანაშაულო. მისი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის საჯარიმოს კლასიკური ფეხბურთელია. შეუძლია ფლანგზეც თამაში, მაგრამ ჯობია საჯარიმოში იყოს. უკიდურესი თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ის იბრაჰიმოვიჩს მახსენებს“, - თქვა როპემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ნიდერლანდური გრანდი ერედივიზიონის უახლოეს ტურში 17 სექტემბერს, ენსხედეს „ტვენტეს“ დაუპირისპირდება.